ახალი ამბები

აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდებამდე ერთი დღით ადრე აქციას გამართავს

25 ივნისი, 2014 • • 1046
აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდებამდე ერთი დღით ადრე აქციას გამართავს

საქმე იმაშია, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდამდე 3 დღით ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოცდო ტესტის ერთ-ერთი დავალების ინსტრუქცია იცვლება და წინა წლებისგან განსხვავებით, სადაც აბიტურიენტს განსაზღვრული რაოდენობის შეცდომა უნდა ეპოვა, შეცდომების რაოდენობა მითითებული აღარ იქნება. 

 

აბიტურიენტთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მათი უფლებები ირღვევა და გამოცდებამდე სამი დღით ადრე არ უნდა იგებდნენ მსგავსი ცვლილების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ისინი საპროტესტო აქციას დღეს, 25 ივნისს განათლების სამინისტროსთან გამართავენ. 

 

“ისეთი ფორმატის იყოს ტესტები, როგორიც იყო წინა წლებში და როგორიც ვიცოდით სამი დღით ადრე. შეიძლება ინსტრუქცია არც წაიკითხოს ზოგიერთმა აბიტურიენტმა და როგორც წინა წლებში იყო 18 შეცდომა, იმდენივე იპოვონ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ციცი სადაღაშვილი. 

 

გუშინ, 24 ივნისს დაანონსებულ აქციას გუშინვე განცხადებით გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრი და მზადყოფნას გამოთქვა დღეს, 11:00 საათიდან ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს შეხვდეს და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

 

ამასთან, ცენტრმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა აბიტურიენტთა დეზინოფორმირებას, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში ცვლილებები რამდენიმე დღით ადრე შევიდა. 

 

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში არც ერთი დავალების ტიპი შეცვლილი არ არის. წინა წლების იდენტურია ამ დავალებათა შეფასების კრიტერიუმებიც (2013 წლის საგამოცდო ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ვებგვერდზე). არ შეცვლილა არც ტექსტის რედაქტირების ინსტრუქცია, მხოლოდ არ არის მითითებული შეცდომების რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს,”- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ გაიგეს ცვლილების შესახებ აბიტურიენტებმა გამოცდამდე სამი დღით ადრე, მაია გაბუნია, ცენტრის წარმომადგენელი ამბობს:

 

“ყველა ქვეყანაში მიღებული წესია, დავალების ზუსტი ინსტრუქცია გამოცდის დღეს გაიგონ. ანუ იმაზე მეტი გავუკეთეთ, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ალბათ ამაში იყო ჩვენი შეცდომა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი