ახალი ამბები

მოვუწოდებთ პროკურატურას, 16 დეკემბრის ინციდენტზე გამოძიება დაიწყოს – EMC

17 დეკემბერი, 2018 • 1141
მოვუწოდებთ პროკურატურას, 16 დეკემბრის ინციდენტზე გამოძიება დაიწყოს – EMC

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) გუშინ, 16 დეკემბერს, გურჯაანი-თელავის გზაზე ოპოზიციისა და პოლიციის წარმომადგელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

EMC- დასძენს, რომ მიუხედავად იმისა,  მას ადგილზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა, სამართლებრივად ,პრობლემურ გარემოებებზე  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

“შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გარანტიაა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არამხოლოდ არ უნდა ერეოდნენ ამ უფლებით სათანადო სარგებლობაში, არამედ ხელს უნდა უწყობდნენ მანიფესტაციების მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარებას.

უდავოა, რომ გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის, ორგანიზებულად, მანიფესტაციის ადგილამდე მისვლა, ამ უფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და აქციის მონაწილეთა გადაადგილებისთვის არაგონივრული ბარიერების შექმნამ, საერთო ჯამში, შეიძლება სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა გამოიწვიოს,” – წერს EMC.

EMC-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 16 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ ანალიზს:

  • არსებობდა თუ არა ალტერნატიული, გონივრული მარშრუტი თელავის მიმართულებით როგორც აქციის მონაწილეების, ასევე, ადგილობირვი მაცხოვრებლებისთვის;
  • ასეთი მარშრუტის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს გზები ვარგისი და თავისუფალი დამატებითი ბარიერებისგან;
  • იყო თუ არა საზოგადოება წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, ინფორმირებული კონკრეტული გზის გადაკეტვის და ალტერნატიული მარშრუტების არსებობის შესახებ, მათ შორის, ჰქონდა თუ არა შსს-ს კომუნიკაცია შეკრების ორგანიზატორებთან აღნიშნულის თაობაზე.

ორგანიზაცია წერს, რომ შსს-მ გონივრული ვადით ადრე არ მოახდინა საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება ალტერნატიული გზების შესახებ, რაც პრობლემურია.

“ნათელია, რომ პროცესის არასაკმარისი ორგანიზების ან/და წინასწარი, სათანადო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ინციდენტები, რისი თავიდან აცილებაც, პოლიციის მხრიდან შეკრების სწორი ორგანიზების და მართვის პირობებში, შესაძლებელი იყო.

შემდგომში, სიტუაციის დეესკალაციის გეგმის და ვითარების ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის სტრატეგიის არარსებობამ, მძიმე ფორმები მიიღო და შედეგად, აქციის მონაწილეთა და პოლიციელთა ფიზიკური დაზიანებები მოჰყვა. ასევე, შეუძლებელი გახდა წინასწარდაანონსებული შეკრების გამართვა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

EMC ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტები პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, ასევე პოლიციის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობაზე მძიმედ აისახება. მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მითითებების გაცემისას, კანონიერების დაცვითა და პროცესის სათანადო ორგანიზების გზით, უნდა უზრუნველყოფდეს პოლიციასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მსგავსი დაპირისპირებების პრევენციას.

“შემდგომი სამართლებრივი შესწავლის და გამოძიების საკითხია აქციის მონაწილეების და პოლიციელების დაზიანებების საკითხი. მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა დაზიანებების საკითხზე დაწყებული გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურამ უნდა აწარმოოს. შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისივე უწყებაში ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას,” – წერს EMC.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება 16 დეკემბერს ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს:

  • პოლიციის ქმედებების კანონიერება გადაადგილების და შეკრების თავისუფლებაში შესაძლო ჩარევის შესახებ;
  • ასევე, აქციის მონაწილეთა და პოლიციელების მიერ მიღებული დაზიანებების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი