ახალი ამბები

ოპოზიციის მხარდამჭერებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეეზღუდათ – ლიკა საჯაია

17 დეკემბერი, 2018 • 2739
ოპოზიციის მხარდამჭერებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეეზღუდათ – ლიკა საჯაია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს 16 დეკემბერს კახეთში, თელავისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვით შედეგად, შეეზღუდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. იურისტი განმარტავს, რომ ამ უფლების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისით სარგებლობამ, შესაძლოა, დისკომფორტი შეუქმნას მეორე მხარეს, თუმცა ეს უფლება დაცული უნდა იყოს.

“პოლიციის ქმედებას, რომ გადაკეტოს გზა, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი და გამართლება. რადგან ამ ქვეყანაში ადამიანებს, შეკრებისა და მანისფესტაციის უფლების გარდა, თავისუფალი გადააგდილების უფლებაც აქვთ. შესაბამისად, ამ უფლების შეზღუდვას გამართლება უნდა ჰქონდეს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა და სურდათ პროტესტის გამოხატვა, რადგან, მათი წარმოდგენით, არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავთ. ინაუგურაციის ადგილი, ალბათ, ყველაზე შესაბამისი იქნებოდა ამ პროტესტის გამოსახატად. ფაქტია, ამ ადამიანებმა თელავამდე ჩასვლა ვერ შეძლეს, რითაც მათი უფლება შეიზღუდა,” – თქვა ლიკა საჯაიამ ნეტგაზეთთან ინტერვიუში..

“TI – საქართველოს” საპარლამენტო მდივანი აქციის მონაწილეებისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის უშუალოდ თელავში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. თელავში “გაერთიანებული ოპოზიციის” მხარდამჭერებმა მანქანა დააზიანეს, რომელშიც პარლამენტის წევრები, თამარ ხულორდავა და ნინო გოგუაძე ისხდნენ. ლიკა საჯაიას თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან ერთად, თავისუფლად გადაადგილების უფლებაც შეიზღუდა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ქალაქში გზას კეტავს, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი საფუძველი იმიტომ, რომ ეს ადამიანებს გადაადგილებას უზღუდავს. შესაბამისად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური საფუძვლით გამართლებული. კარგი იქნება, თუ შსს განმარტავს, რა იყო ასეთი დიდი საფრთხე და რის გამო გადაიკეტა გზები, თუმცა ამის გამართლება ძალიან გაუჭირდებათ. გადაადგილების უფლება არის ფუნდამენტური უფლება და მისი შეზღუდვის დროს უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული საფუძველი,” -ამბობს საჯაია.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

მოქალაქეებმა სახელმწიფო ორგანოები შეკრების შესახებ წინასწარ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააფრთხილონ, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.  ანუ, თუ შეკრებამ ან მანიფესტაციამ შეიძლება შექმნას დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისას, ან ხელი შეუშალოს ხალხის მოძრაობას ქუჩებში.


გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი