ახალი ამბები

ისრაელს სურს, საქართველომ საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს

17 დეკემბერი, 2018 • 1758
ისრაელს სურს, საქართველომ საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველი აცხადებს, რომ ისრაელს სურს, საქართველომ საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს. როგორც 1TV.GE წერს, ეს განცხადება ჰოტოველიმ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ, 16 დეკემბერს, განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

“მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას.

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა. მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.


იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის უკვე ათწლეულებია დაპირისპირებნის მიზეზია. 2017 წელს აშშ-ის ინიციატოვით გაეროში კენჭი უყარეს რეზოლუციას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ, რასაც გაეროს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი საერთოდ შეიკავა. ამ პოზიციის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მადლობა გადაუხადა. მიუხედავად გაეროს გადაწყვეტილებისა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უკვე აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ. გარდა ამისა, თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს გვატემალამ, პარაგვაიმ, ჩეხეთმა, რუმინეთმა, ჰონდურასმა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი