დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული

ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის სახლში პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა ტერიტორია დატოვეს.

კირკიტაძემ მედიას უთხრა, რომ სახლის სადარბაზო პოლიციით იყო სავსე. ენმ-ის წევრი მის სახლთან სამართალდამცავების მობილიზებას იმ ინციდენტებს უკავშირებს, რომლებიცგუშინ, 16 დეკემბერს  მოხდა.

შსს-ში არ ამბობენ, რატომ მივიდნენ სამართალდამცავები ოპოზიციის წევრის სახლთან. უწყებაში მხოლოდ სამართალდამცავებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტებზე დაწყვებულ გამოძიებაზე საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო 16 დეკემბერს ველისციხეში გამართული აქციის დროს სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის გურჯაანის საავადმყოფოში ერთი პოლიციელი კიდევ რჩება. ნეტგაზეთის კითხვაზე, მოხდება თუ არა დაშავებული აქციის მონაწილეთა საქმის გამოძიებაც, შსს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გუშინ, 16 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა, რომ კახეთში, ოპოზიციის აქციაზე განვითარებული მოვლენები სამართლებრივად გაანალიზდება და “შესაბამისი პასუხი მოეთხოვება” ყველას, ვის ქმედებებშიც სისხლის სამართლის შემადგენლობა გამოიკვეთება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან