ახალი ამბები

ლგბტ აქტივისტი აცხადებს, რომ ემუქრებიან და პოლიციაში ჩივილს გეგმავს

17 დეკემბერი, 2018 • 1755
ლგბტ აქტივისტი აცხადებს, რომ ემუქრებიან და პოლიციაში ჩივილს გეგმავს

“თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტი ნიკა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან, რის გამოც პოლიციაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

აქტივისტის თქმით, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა რესტორან “ხინკლის სახლში” მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს, როდესაც წიქარიშვილსა და მის მეგობრებს რამდენიმე კაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა და დაემუქრა. როგორც აქტივისტი, ისე “თანასწორობის მოძრაობა”, ინციდენტს ჰომოფობიურ თავდასხმად მიიჩნევენ.

ნიკა წიქარიშვილმა ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაიღო, შემდეგ კი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.

ის “ნეტგაზეთს” უცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი გზავნილები, ერთ-ერთი მომხმარებლის მხრიდან კი – მუქარის შემცველი ზარი.

აქტივისტმა “ნეტგაზეთს” აღნიშნული ზარის ჩანაწერი მოასმენინა და უთხრა, რომ ის “მესენჯერში” ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა მასთან ინციდენტიდან მეორე დღეს განახორციელა.

ჩანაწერში ისმის, რომ პირი წიქარიშვილს ჯერ შეხვედრას სთხოვს  და ეუბნება, რომ “საქმე აქვს”. მას შემდეგ, რაც აქტივისტი აღნიშნულზე არ თანხმდება, სიტყვიერად შეურაცხყოფს, აგინებს და კვლავ დაჟინებით სთხოვს, შეხვდეს. წიქარიშვილის კითხვის პასუხად, ის შეხვედრის თხოვნის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და ამბობს, რომ უბრალოდ დიდი ხანია, მის მიმართ ინტერესი აქვს.

აქტივისტი აღნიშნულს რესტორანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს და აპირებს, 17 დეკემბერს ჩანაწერი საგამოძიებო უწყებას გადასცეს; ასევე, ზარის განმახორციელებელს მუქარის გამო უჩივლოს.


ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისში სამ ადამიანს, მათ შორის, ნიკა წიქარიშვილს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. ინციდენტი 14 დეკემბრის ღამით, რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა.

 

თბილისში 3 ადამიანს ჰომოფობიური ნიშნით თავს დაესხნენ – “თანასწორობის მოძრაობა”

მასალების გადაბეჭდვის წესი