გრიგოლ ვაშაძე. ფოტო: გრიგოლ ვაშაფის ფეისბუქ გვერდი

გვაქვს სამი გეგმა, ერთ-ერთს ავარჩევთ – ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. ამის შესახებ ჟურანლისტებს ოპიზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სამი გეგმა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთს აარჩევს და შემდგომ საზოგადოებასაც გააცნობს მას.

“გვაქვს სამი გეგმა, ახლა მოვითათბირებთ და გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ. აქციები გაგრძელდება. სამი გეგმა რა არის, ერთ-ერთს რომ ამოვარჩევთ, გაიგებთ”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ოპოზიცია ღამით პარლამენტთან, ვაშაძემ ასე უპასუხა:

“ჩვენი მხარდამჭერები აქ დარჩებიან, რადგან ბატონ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ეყოთ მარტო ყოფნა რუსთაველის გამზირზე. მათ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა”.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებას დაზუსტებულ გეგმას ხვალ, 17 დეკემბერს გააცნობენ.

“კარვები იქნება აქ, ვისაც სურვილი აქვს, დარჩება. ამ ყველაფერს მხარს დავუჭერთ, თუმცა ჩვენი მთავარი საბრძოლო მექანიზმი არაა, რომ კარვების ქალაქი გავაკეთოთ რუსთაველზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილებები, რომელთაც ხვალ უფრო დეტალურად გაგაცნობთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციის გამო რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა გადაკეტილია. რუსთაველზე ოპოზიციის საპროტესტო კოლონა ბრუნდება, მათ შორის არიან ლიდერებიც.

ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის წინ თელავი-გურჯაანის გზაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიკრიბნენ.

ოპოზიციის კოლონას, რომელიც თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მიდიოდა, პოლიციამ გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გზა ჩაუკეტა. შსს აცხადებდა, რომ მათ ოპოზიციას თელავში ყვარლის გავლით ჩასვლა შესთავაზეს, რასაც ტყუილს უწოდებს ოპოზიცია. გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში სიტუაცია დაძაბული იყო. ოპოზიციონერები უშედეგოდ ცდილობდნენ თელავისკენ გზის გაგრძელებას.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე დადო საპრეზიდენტო ფიცი და ის ოფიციალურად გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, მას პრეზიდენტად არ აღიარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან