“ახლა ყველანი რუსთაველზე” – სააკაშვილი თანამოაზრეებს კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებს

“ახლა ყველანი რუსთაველზე”, – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მობილიზებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გუშინ რ2-ზე გასულმა კადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წლის არჩევნები გაყალბებული და შესაბამისად არალეგიტიმურია.

სააკაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს თბილისში. ის მოსახლეობას “მშვიდობიანი კოსოლიდაციისაკენ” მოუწოდებს ამჯერად თბილისში.

“ვისაც შეუძლია ჩამოსვლა, უნდა ჩამოვიდეს თბილისში. ყველას მოგვპარეს არჩევნები”, – განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკზე ჩართვისას.

 

“მოვუწოდებ ხალხს, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ”, – ამბობს სააკაშვილი. მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოს  ხელისუფლება. “ბოლომდე თქვენთან ერთად ვდგავარ”.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე  ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ იქ დარჩებიან და თელავის გზაზე მყოფ თანამოაზრეებს დაელოდებიან.

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

ამის პარალელურად თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com