ახალი ამბები

პროვოკაციულ ქმედებებს გავაანალიზებთ და ყველას მოეთხოვება პასუხი – გახარია ოპოზიციის აქციაზე

16 დეკემბერი, 2018 • 1817
პროვოკაციულ ქმედებებს გავაანალიზებთ და ყველას მოეთხოვება პასუხი  – გახარია ოპოზიციის აქციაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს, კახეთში, ოპოზიციის აქციაზე განვითარებული მოვლენები სამართლებრივად გაანალიზდება და “შესაბამისი პასუხი მოეთხოვება” ყველას, ვის ქმედებებშიც სისხლის სამართლის შემადგენლობა გამოიკვეთება.

გახარიამ ოპოზიციის აქციისა და იქ მიმდინარე დაპირისპირებების შესახებ თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“…დღეს, იმ პარალელური ე.წ. აქციის პირობებში, რაც მინდა გითხრათ: მე მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს; მინდა, დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც იყო განხორციელებული სხვადასხვა წერტილებში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა მან.

გახარიას თქმით, თელავის გარშემო ყველა მარშრუტი განსაზღვრული იყო.

“დღეს დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, დიდი რაოდენობით სტუმრებით. იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ ვითარებაში”, – აღნიშნა მან.

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა.

შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ.

ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა რამდენჯერმე სცადეს.

ვითარება გურჯაანი-თელავის გზაზე ამ დრომდე დაძაბულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი