ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, ყველას პრეზიდენტი იყოს.

“მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ “ქართული ოცნების”, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკდიებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის დაიცავს მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი.

“ვიზრუნებ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის საპრეზიდენტო სიტყვაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი