ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩავიდა

16 დეკემბერი, 2018 • 1374
გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩავიდა

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თელავისკენ მიმავალ გზაზე შექმნილი ბარიერების მიუხედავად, თელავში ჩასვლა მაინც შეძლო. ვაშაძე იმ ადგილას მივიდა, სადაც თავდაპირველად გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების მიტინგი იყო დაგეგმილი. ვაშაძის კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოში : „კონსტიტუცია აღარ გვაქვს, ფარცხალაძე გვყავს კონსტიტუციის მაგივრად და სუბელიანი, რომელიც თვითონ ჩასვეს ციხეში. არჩევნები აღარ გვაქვს, გადაადგილების თავისუფლება აღარ გვაქვს, შეკრების თავისუფლება აღარ გვაქვს, სიტყვის თავისუფლება აღარ გვაქვს, დაგვრჩა ბიძინა ივანიშვილი”.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების დღევანდელი ქმედება, სირცხვილია.

“მიიხედ-მოიხედეთ და შეხედეთ ამ სირცხვილს. ეს არის სირცხვილი. როგორც კანონი მოითხოვდა, ვთხოვეთ ადგილი, ერეკლეს ძეგლს და ჭადარს შორის. ჟურნალისტები ამ წუთებში იყვნენ იქ და არაფერი იქ არ ხდება. მივიდოდით, როგორც რუსთაველის პროსპექტზე 2 დეკემბერს, წყნარად ჩავატარებდით მანიფესტაციას, კიდევ ერთხელ გავუმეორებდით ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მოვიდა დიალოგის დრო, მოვიდა ლაპარაკის დრო, მოვიდა მაგიდასთან დასხდომის დრო, იმისათვის, რომ 900 ათასი ადამიანი ოპოზიციას აძლევს ხმას. მივიღეთ უტიფარი, სულელური, ჭკუათხელი პასუხი ამაზე. ამის შემდეგ გვინდოდა მშვიდობიანი დემონსტრაცია. მობილიზაცია გაუკეთეს აჭარის პოლიციასაც კი და დგანან ეს პატარა ბავშვები, რომლებსაც ჩააცვეს ის ფორმა, რომლითაც მთელი საქართველო ამაყობდა და რომლებმაც არც იციან ეს ფორმა რას ნიშნავს. გაოგნებული გვიყურებენ ჯერ ჩვენ და მერე თავის უფროსობას”, -თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დასჭირდა ხელისუფლებას სამართალდამცავების ამ დოზით მობილიზება, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა:

“ტვინი არა აქვთ და იმიტომ , მათ შიშს უკვე ასდის სუნი. ვაშაძის ან გაერთიანებული ოპოზიციის კი არ ეშინიათ, ეშინიათ მოქალაქეების. და როგორც ყველა დამნაშავეს, მათაც შესანიშნავად აქვთ გათავისებული, რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ამ არჩევნების გაყალბებით. შევარდნაძის 90-იან წლებში არ უკადრებია ხელისუფლებას ასეთი რამ, რაც ახლა მოხდა”.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შსს-ს განცხადება რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გზიდან შესულიყო თელავში ტყუილია.

“ჩვენ გავუშვით მანქანები და ყვარლის გზაზე, გრემთან ზუსტად ისეთივე კორდონი დაგვხვდა, როგორიც იყო ველისციხესთან”.

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი