ახალი ამბები

პოლიცია უარყოფს, რომ ენმ-ს წევრების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა

16 დეკემბერი, 2018 • 1239
პოლიცია უარყოფს, რომ ენმ-ს წევრების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, პოლიციამ მის წინააღმდეგ გაზი გამოიყენა. რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს, მელიქიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის გაზზე საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, ის თავს შეუძლოდ გრძნობს.

ნეტგაზეთს ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ უთხრა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

რაც შეეხება მელიქიშვილის განცხადებას, მისი თქმით, იმ დროს, როდესაც პოლიციამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, მისი მანქანა პოლიციის კორდონთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა. მისი განმარტებით, პოლიციამ მას “გაზი შეასხურა”, რის შემდეგაც მან და მის ახლოს მყოფმა მოქალაქეებმა თავი ცუდად იგრძნეს.

თელავის მიმავალ გზაზე დღეს დილიდან დაძაბულობაა. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა.

შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ.

ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა რამდენჯერმე სცადეს.

ვითარება გურჯაანი-თელავის გზაზე ამ დრომდე დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი