ახალი ამბები

პოლიცია ვალდებულია, პრევენციული ზომები მიიღოს, თუ დაპირისპირების ვარაუდი არსებობს – თალაკვაძე

16 დეკემბერი, 2018 • 1213
პოლიცია ვალდებულია, პრევენციული ზომები მიიღოს, თუ დაპირისპირების ვარაუდი არსებობს – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა,  მხარდამჭერებისთვის ეთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დიდი სხვაობით წააგეს.

სწორედ ამიტომ დაგეგმა, თალაკვაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქციები.

“უჭირთ აღიარონ დამარცხება, ამიტომ ცდილობენ, რომ გადართონ მათი ყურადღება, გამოიგონონ ახალი ბრძოლები, რომელსაც რეალურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.  რაც შეეხება გზებს, მე დილიდან თვალს ვადევნებ პოლიციელების მოქმედებებს. ისინი აბსოლუტურად კანონმდებლობის ფარგლებში, პროპორციულად  მოქმედებენ, იქცევიან კანონმდებლობის შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათი მომზადების დონეზე და სწორ ინსტრუქციებზე, რომელიც ხელმძღვანელი პირებისგან აქვთ მიცემული. არავინ დაუშვებს, რომ სადმე, იქნება ქალაქი თუ ავტომაგისტრალი, სიტუაცია გამოვიდეს კანონმდებლობის ფარგლებიდან  და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე პატივისცემას უდასტურებს “კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს” და მოუწოდებს მათ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი.

“ჩვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადავხედოთ კანონმდემბლობას ერთად, სადაც წერია, რომ პოლიცია ვალდებულია, მიიღოს პრევენციული ზომები, თუ არსებობს მოლოდინი და ვარაუდი, რომ შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება ან რაიმე ძალადობა. შესაბამისად, როდესაც პოლიცია ცდილობს დაშორიშორებას, ეს არის კანონმდებლობით დაშვებული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, თელავის მერიამ ოპოზიციას მიუთითა ადგილი, სადაც შეუძლიათ აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ უნდა მოხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კონკრეტულ ადგილას.

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს ამბობს, რომ მათ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია) ან ყვარლის გზით გააგრძელონ მოძრაობა (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი