ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” პრობლემურ უბნებზე შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს

23 ივნისი, 2014 • • 1492
“სამართლიანი არჩევნები” პრობლემურ უბნებზე შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა, ვინაიდან ორგანიზაციის აზრით, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული პროცედურული ხასიათის დარღვევები შემცირებულია როგორც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. თუმცა “სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს იმაზეც, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, 15 ივნისს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ისეთი სახის მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორიც არის ფიზიკური ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა და მასალების გატაცება/დაზიანება.


ISFED
ISFED


“გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევებს არ ქონია მასშტაბური ხასიათი და საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, გააბათილა შედეგები აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე, ზემოჩამოთვლილი დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას არჩევნების დღის საბოლოო შედეგებზე. თუმცა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კენჭისყრის დღის მიმდინარეობა, არამედ შედეგების შეჯამებისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესიც, რაც ერთიანობაში გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ, თუ რა ზეგავლენა იქონია ამ პროცესებმა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწვალა ყველა საარჩევნო უბნის არჩევნების დღის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისაგან მიღებული ინფორმაციისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შედეგად დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ორგანიზაციამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია:


1. ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი


• 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი (1%) გაიზარდა 4%-ით და მთელი საქართველოს მასშტაბით 5% შეადგინა;


• ბათილი ბიულეტენების პროცენტული მონაცემი ყველაზე მაღალია პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით და საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. გამგებლისა და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელია 4%. ყველაზე დაბალია მერის შემაჯამებელი ოქმების ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი (1%) და ემთხვევა 2010 წლის არჩევნების ბათილობის მონაცემს;


• მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 3.0%-ზე (110) ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 10%-ზე მაღალია გამგებლის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით – საარჩევნო უბნების 5.3%-ზე (193) და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით – საარჩევნო უბნების 4.7%-ზე (170). საერთო ჯამში, 10%-ზე მაღალი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით დაფიქსირდა მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 13%-ზე , რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია;


• ბათილი ბიულეტენების ყველაზე მაღალი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი (8-9%) დაფიქსირდა ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და ასევე საგარეჯოს ოლქში. აღნიშნული რეგიონების რამდენიმე ოლქის საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 15%-ზე მაღალია: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, წალკა, ადიგენი, ნინოწმინდა. შედარებით მცირეა საარჩევნო უბნების რაოდენობა სხვა ოლქებში, სადაც ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი ასევე მაღალია – მაგალითად, გორი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მესტია.


2. ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ხარვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში, კერძოდ:


• 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმს აკლდა საჭირო რეკვიზიტები, როგორიც არის კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი და სხვა; იყო შემთხვევები, როდესაც თითოეულ შემაჯამებელ ოქმს აკლდა რამდენიმე აუცილებელი რეკვიზიტი;


• 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ იყო დაცული ბალანსი ; რიგ შემთხვევებში ოქმებს საარჩევნო უბნებზე დაურთეს შესწორების ოქმები, თუმცა უმეტესწილად შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ან ახსნა-განმარტების ოქმები მოგვიანებით დაურთო საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ;


• 50-ზე მეტ შედეგების შემაჯამებელ ოქმში გადაკეთებული იყო ერთი ან რამდენიმე მონაცემი; შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორების ყველაზე მეტი (24) შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებში;


• საერთო ჯამში შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და ქალაქ თბილისში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.


„სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ხარვეზების და დარღვევების გამოსწორების მიზნით, საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და გარკვეულ შემთხვევებში გამოასწორეს ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემების მიზეზების შესწავლისა და რიგ შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიებში შედეგების ხელახალი გადათვლის მეშვეობით.


“შესაძლოა, ყოველივე ზემოაღნიშნული გამოწვეული იყოს საარჩევნო უბნებზე არაკვალიფიციური კადრებით, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ყველა ფაქტი, და იმ კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომები და დარღვევები, გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. ამასთან, აღნიშნული პირები აღარ შეარჩიოს კომისიის წევრებად მომავალ არჩევნებზე”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ასევე არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ბათილი ბიულეტენების ასეთი დიდი მაჩვენებელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სირთულით და/ან მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობითა და დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი.


“თუმცა, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ასევე, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელთა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დისბალანსები და გადასწორებები. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვიმედოვნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გაითვალისწინებს და განახორციელებს შედეგების ხელახლა გადათვლას, რაც, ვფიქრობთ, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესისადმი და შედეგებისადმი სანდოობის გაზრდას და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”, – აცხადებენ ISFED-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი