ახალი ამბები

კაუნასში, კლინიკის შენობაზე, ლიეტუველების შეურაცხმყოფელი ქართული წარწერები დატოვეს

16 დეკემბერი, 2016 • 2765
კაუნასში, კლინიკის შენობაზე, ლიეტუველების შეურაცხმყოფელი ქართული წარწერები დატოვეს

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ამბავი არის 2016 წელს მომხდარი.

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ერთ-ერთი კლინიკის გარე ფასადზე, გაურკვეველმა პირმა რამდენიმე კვირის წინ შეურაცხმყოფელი წარწერები ქართულ ენაზე მიაწერა.

ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით, ლიეტუველები თავიდან ვერ მიხვდნენ, წარწერა რა ენაზე იყო შესრულებული და, შესაბამისად, შინაარსიც არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ფაქტისთვის მათ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ მანამ, სანამ წარწერის შინაარსი არ გაიგეს.

როგორც ლიეტუვური მედიასაშუალება წერს, აღნიშნულმა ვანდალურმა ფაქტმა გამოიწვია არამარტო ადგილორბივების, არამედ კაუნასში მყოფი ქართველების აღშფოთება. სტატიაში ხაზგასმულია ლიეტუველებისა და ქართველების განსაკუთრებულ მეგობრობაზე და სწორედ ამიტომ, მათთვის განსაკუთრებით გაუგებარია ამ შეურაცხმყოფელი წარწერების არსი.

ადგილობრივმა პოლიციამ მედიას განუცხადა, რომ მსგავსი ქმედება შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა, ან კერძო და საჯარო საკუთრების დაზიანება. პოლიციის განცხადებით, შეურაცხმყოფელი წარწერის გამკეთებელი იდენტიფიცირებული არ არის.

მართალია, კლინიკა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, მაგრამ, როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება წერს, თითქმის შეუძლებელი იქნება არქივში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოს მოძებნა, რადგან არავინ იცის, ზუსტად როდის შეასრულეს კედელზე აღნიშნული წარწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი