ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს კარი ჩვენთვის დაიკეტა” – აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები

17 დეკემბერი, 2018 • 3269
“საქართველოს კარი ჩვენთვის დაიკეტა” – აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები

გუნელ მევლუდი ნეტგაზეთისთვის


2012-2017 წლებში საქართველოს დედაქალაქი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის და განსხვავებული აზრის გამო დევნილებისთვის რაღაც ახალი casablanca იყო. რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, აქტივისტი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი ბაქოდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად აზერბაიჯანში დაკავებებისა და დევნის თავიდან ასარიდებლად.

გეოგრაფიული სიახლოვე სამშობლოსთან, ენობრივი ბარიერის არქონა, მისაღები ფასები, ახლობლებისა და მეგობრების მოწვევის შესაძლებლობა – ეს ყველაფერი ხელს უწყობდა იმას, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის საქართველო სასურველი თავშესაფარი გამხდარიყო. 

თუმცა 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ინდივიდუალურად მიღებულ უარის ფურცელზე გადაწყვეტილება  “საქართველოს ინტერესებისა და უსაფრთხოების მიზნით” იყო ახსნილი.

სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბინადრობის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლად უმრავლეს შემთხვევაში მითითებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც, პირი წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ნეტგაზეთის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, 2014-2018 წლებში ბინადრობის მოწმობის გაცემაზე ან გაგრძელებაზე სწორედ ამ მოტივით აზერბაიჯანის 62 მოქალაქეს უთხრეს უარი. 

2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ეს შემთხვევა იმის ნათელი ნიშანი იყო, რომ საქართველოში “უსაფრთხოება” მითია და ალიევის ხელისუფლება თბილისისაც მისწვდა. რის შემდეგაც საქართველოს დედაქალაქი თითქმის ყველა ოპოზიციონერმა დატოვა. გარდა ამისა, ბინადრობაზე უარის მიღების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბევრი აზერბაიჯანელი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა.

ვინ დარჩა საქართველოში აზერბაიჯანელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საზოგადოებიდან? კიდევ ჩამოდის თუ არა ვინმე  აზერბაიჯანიდან და როგორია დღეს მათი მდგომარეობა საქართველოში?


ჟურნალისტი აზერ კაზიმზადე 26 წლისაა. მას აქვს ინტერენტ-არხი Düşün TV, სადაც ახალგაზრდა ჟურნალისტი პოლიტიკურ მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დებატებს აწყობს.

აზერი საქართველოში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში 4 -ჯერ სხვადასხვა ბრალდებით დააპატიმრეს და პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

“მე საქართველოს ვირჩევდი იმიტომ, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა და, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ვიზა არ მჭირდებოდა. თუმცა შევცდი დემოკრატიულობაზე, საქართველო კი გამოიყურება როგორც ევროპული ქვეყანა, სინამდვილეში ქვეყნის ხელისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან და მათ სურვილებს ასრულებს. მაგალითად, მე გადავაწყდი ზეწოლას უცნობი ადამიანების მხრიდან ქალაქში, მოგვიანებით თბილისის პოლიციაში წამიყვანეს დასაკითხად”, – ამბობს აზერი.

თბილისში აზერი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და პოლიციასთან ინციდენტის შემდეგ თითქმის არ გადის სახლიდან და ცდილობს, სახლშიც არ დარჩეს მარტო. ფიქრობს, რომ ამგვარად დროებით მაინც იქნება უსაფრთხოდ.

თუმცა თბილისში დარჩენას არ აპირებს. ცდილობს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სასწავლო პროგრამით წავიდეს და სტუდენტური ვიზიტით დატოვოს საქართველო.


მალიკა [მისი უსაფრთხობის მიზნით სახელი შეცვლილია] 22 წლისაა და ლგბტი აქტივისტია. საქართველოში 2017 წელს, ბაქოში სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა, როდესაც პოლიციამ ლგბტი საზოგადოების წარმომადგენელთა მასობრივი დაკავებები დაიწყო. მალიკა ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ბინიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში სცემეს. მაშინ სერიოზული დაზიანებები მიიღო და მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. ამჟამად საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და ცდილობს დატოვოს საქართველო, რადგანაც აქაც ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

“საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდება ჩვენგან. ჩვენს საზოგადოებასაც არ უყვარს ისინი და პოლიციაც უმოქმედოა, როდესაც ჩვენს უფლებებს არღვევენ. ძალადობის შემთხვევაშიც არავინ დაგვიცავს. ვიცით, რომ აქაც ბევრია აზერბაიჯანის ხელისუფლების აგენტი, ამიტომაც მინდა მალე წავიდე ამ ქვეყნიდან”.


რა ბედი ეწია იმ პირველი ტალღის აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს, რომლებმაც საქართველო 2016-2017 წლებში დატოვეს?


თურალ გურბანლიმ საქართველო 2017 წელს დატოვა, დღეს ის და მისი ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობენ. თურალი გვიყვება, რომ საქართველოდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე მანქანიდან მის მიმართ თვალთვალი შეამჩნია.

“შევამჩიე, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც  გვითვალთვალებდნენ. იგივე ფაქტი შეიძლება მომხდარიყო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. მეც და ჩემი ოჯახიც ახლა დევნილის სტატუსს ველოდებით”, – ამბობს ჟურნალისტი.


ზამირა აბასოვა ბლოგერია, მშვიდობის პროექტების მონაწილე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების შავ სიაში სომეხ ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან მეგობრული კავშირების გამო მოხვდა.

მუხთარლის შემთხვევის შემდეგ სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა. ამჟამად უკვე სწავლას ამთავრებს და კვლავ რთულ მდგომარეობაშია.

“ბრიტანული ვიზა მიმთავრდება და არ ვიცი, რა მელის წინ. საქართველოში დაბრუნებას არ განვიხილავ. თბილისიდან ჩემი წამოსვლის დღესაც კი ბინაში სამოქალაქო ჩაცმული ხალხი მივიდა და მეზობლები დაკითხეს, იცოდნენ თუ არა ჩემი ადგილსამყოფელი”.


კულტუროლოგი ელმირ მირზოევი, რომელსაც საკუთარი ბლოგი ჰქონდა meydan.tv ზე, ოპოზიციურ არხზე, საქართველოში ერთ წელზე მეტი ცხოვრობდა. საქართველოდან ის გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დევნილის სტატუსი მისცეს.

“საქართველოში დაბრუნება საშიშია. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში ორი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი არ შეუშვეს, რომელთაც ევროპაში დევნილის სტატუსის აქვთ. ვფიქრობ, საქართველოს კარი ჩვენთვის უკვე დაიკეტა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი