ახალი ამბები

გომბორის უღელტეხილი დაკეტილია – მოქალაქეებს მხოლოდ საშვით უშვებენ

16 დეკემბერი, 2018 • 3166
გომბორის უღელტეხილი დაკეტილია – მოქალაქეებს მხოლოდ საშვით უშვებენ

საავტომობილო გზა გადატვირთულია თბილისიდან თელავის მიმართულებით. კახეთისკენ დღეს ასობით ადამიანი მიემართება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ინაუგურაცია დღეს, 16 დეკემბერს, თელავში,  ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტი იტყობინება, მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილის გავლით და ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. აღნიშნული ღონისძიების გამო კი, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

სამართალდამცავი უწყების თქმით, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

ინაუგურაციაზე მიწვეულია 1 800 სტუმარი. ორგანიზატორთა თქმით, მათი უმრავლესობა ინაუგურაციას დაესწრება ფეხზე დგომით. პარალელურად, თელავისკენ მიემართება გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა, რომლებსაც ავტომობილზე მიკრული აქვთ საქართველოს დროშები და წარწერები “არა სალომეს!”. ოპოზიცია ამ დრომდე არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას და მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

ინაუგურაციის დღეს ოპოზიცია თელავში კოლონით შესვლას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი