ახალი ამბები

ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში

15 დეკემბერი, 2018 • 1905
ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში

არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მედიის თანდასწრების გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში. ამ ადგილებში ვიზიტი ინაუგურაციის პროტოკოლის ნაწილია.

ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა ზურაბიშვილის პრესსამსახურმა, წინასწარ კი მედია გაფრთხილებული არ იყო და მისი მისვლის დრო არც საჯაროდ დაუანონსებიათ.

ზურაბიშვილმა, პრესსამსახურის თანახმად, მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვებას არ ცნობს, 15 დეკემბერს, საღამსო 9 საათიდან აპირებდა გმირთა მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას.

ოპოზიციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ზურაბიშვილის გმირთა მოედანზე მისვლა ასე შეაფასა: “იცოდა, რომ დღეს საღამოს 9 საათიდან ვაპირებდით იქ ღამის გათენებას, რომ არ მიგვეცა საშუალება ზურაბიშვილისთვის მისულიყო მემორიალზე. ხართ აქ მედიის წარმომადგენლები და არცერთი თქვენგანი არ იყო ამის შესახებ საქმის კურსში”, – განაცხადა მან.

ოპოზიცია საღამოს მაინც გამართავს აქციას გმირთა მოედანზე, ხვალ დილიდან კი, ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა ავტომობილების კოლონა ენმ-ის ოფისიდან გაემართება თელავში საპროტესტო აქციაზე.

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი