ახალი ამბები

ინციდენტი ბახმარო-ცხინვალის მატჩის შემდეგ — გულშემატკივარი vs მსაჯები

15 დეკემბერი, 2018 • 1333
ინციდენტი ბახმარო-ცხინვალის მატჩის შემდეგ — გულშემატკივარი vs მსაჯები

14 დეკემბერს გურიაში, ჩოხატაურში, კლუბ “ბახმაროსა” და “ცხინვალს” შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ “ბახმაროს” გულშემატკივრები მსაჯებს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტის ამსახველი მოკლე ვიდეო გამოცემა “გურიანიუსმა” გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, გულშემატკივრები ისინი “ბახმაროსა” და ცხინვალის “სპარტაკის” თამაშის მიმდინარეობისას მსაჯების მოქმედებებს აკრიტიკებდნენ და “ბახმაროს” წაგებას მათ “არაობიექტურობას” აბრალებდნენ.

თამაშის ბოლოს, დაახლოებით 90-ე წუთზე, სანამ ანგარიში 0-1 იყო, მოედანზე ერთი გულშემატკივარი შევარდა და მთავარ მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა. მატჩი საბოლოოდ “ცხინვალის” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 0:2.

მატჩის შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც მსაჯები მოედნიდან სავარაუდოდ გასახდელისკენ მიემართებიან, მესრის მეორე მხარეს მყოფი გულშემატკივრები მათზე იწევენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე პოლიციელი.

როგორც ნეტგაზეთს ფეხბურთის ფედერაციაში განუმარტეს, მატჩის შემდეგ სპეციალური დელეგატი ადგენს ანგარიშს, რომელიც სამშაბათს წარედგინება დავების განმხილველ კომისიას, კომისია კი მხარეების მოსმენის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეკისრება თუ არა რომელიმე გუნდს რაიმე სანქცია.

წინა მატჩი, ცხინვალი-ბახმარო, 11 დეკემბერს 2:1 დასრულდა ცხინვალის გამარჯვებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი