ახალი ამბები

სამინისტრო “ბათუმელებს” ცილისწამებაში ადანაშაულებს, დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს

14 დეკემბერი, 2018 • 3248
სამინისტრო “ბათუმელებს” ცილისწამებაში ადანაშაულებს, დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს

განათლების სამინისტრომ  14 დეკემბერს “ბათუმელები”  მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული მასალის გამო, რომელიც გამოცემას თავად სამინისტრომ მიაწოდა.

„განათლების სისტემის წინააღმდეგ გრძელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, განათლების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი და სრულად ინტერპრეტირებული. სტატიაში მითითებული, უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს…“, – წერია  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ 14 დეკემბერს გავრცელებულ ცნობაში.

მართალია სამინისტროს არ დაუსახელებია “ბათუმელები”, მაგრამ ინფორმაცია განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით  დღეს „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ კონკრეტულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

14 900 ლარი – განათლების მინისტრის ხარჯი 5 დღეში ავტომანქანით შიდა გადაადგილებისთვის ფრანკფურტში

ნახეთ, როგორ და რა ინფორმაცია  მოიპოვა “ბათუმელებმა” ინფორმაცია, რომლის გამოც სამინისტრო მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს:

9 ნოემბერი – 12 დეკემბერი: ერთი მივლინების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოპოვების ქრონოლოგია

„ბათუმელებმა“ თავდაპირველად განათლების სამინისტროდან მივლინებების და შვებულებების შესახებ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. სამინისტროს წერილი 9 ნოემბერს გავუგზავნეთ, თანამშრომლების მივლინებების და შვებულებების შესახებ პასუხი კი 21 ნოემბერს მივიღეთ.

მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ მინისტრ  მიხეილ ბატიაშვილის ფრანკფურტში ვიზიტისთვის 14 900 ლარი დაიხარჯა. დოკუმენტში არ იყო დაკონკრეტებული, რისთვის დაიხარჯა ეს ფული: ტრანსპორტში, სასტუმროში, კვებაში, თუ ყველაფერში ერთად.

 

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, „ბათუმელებმა“ სამინისტროს პრესსამსახურს სატელეფონო კომენტარისთვის მიმართა. უწყების თანამშრომელმა ლალი როზომაშვილმა გვითხრა, რომ ისევ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა უნდა შეგვევსო და ინფორმაციას მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღებდით.

„ბათუმელებმა“ 22 ნოემბერს უწყებიდან ამჯერად  კონკრეტულად მინისტრის – მიხეილ ბატიაშვილის ფრანკფურტში ვიზიტის სრული ხარჯების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე 12 დეკემბერს მივიღეთ, თუმცა თავად საჯარო ინფორმაცია 6 დეკემბერსაა ხელმოწერილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

სამინისტრომ ამჯერადაც არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა – ეს დოკუმენტი მხოლოდ  მინისტრის და მხოლოდ ფრანკფურტში შიდა გადაადგილების ხარჯებს ასახავდა.

 

 

12 დეკემბერს იგივე საკითხზე „ბათუმელებმა“ კიდევ ერთი დოკუმენტი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ: „მინისტრის შიდა გადაადგილებისთვის გაწეულ იქნა სატრანსპორტო მომსახურება, რომლის გადახდაც მოხდა მინისტრის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის არსებული სპეციალური ბარათით“.

 

 

რამდენი დაიხარჯა და ვინ დაფარა  თვითმფრინავით მინისტრის მგზავრობის, კვების, ან სასტუმროს ხარჯი? – ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს გუშინ, 13 დეკემბერს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. მარიამ ძიძიგურმა გვიპასუხა, რომ სამინისტროს ბიუჯეტიდან სხვა ხარჯი ამ მივლინებაზე არ ფიქსირდება.

ფრანკფურტში ვიზიტს ხარჯებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებას გუშინვე სამინისტროს პრესსამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, ლალი როზომაშვილი დაგვპირდა. თუმცა, შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას აღარ უპასუხა.

დღეს, 14 დეკემბერს, ინფორმაციის მოპოვების მიზნით „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო წივწივაძემ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ლალი როზომაშვილი დღეს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა და მინისტრის მივლინების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებას ისევ დაგვპირდა, თუმცა უშედეგოდ. დღის ბოლოს კი სამინისტრომ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა ინფორმაცია – „მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანიის“ შესახებ.

 

 

სამინისტროდან 12 დეკემბერს გამოგზავნილ ინვოისი, რომელსაც მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი