ახალი ამბები

FB-ზე მილიონობით პირადი ფოტო დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

14 დეკემბერი, 2018 • 1958
FB-ზე მილიონობით პირადი ფოტო დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

“ფეისბუქის” განცხადებით, პროგრამულმა ხარვეზმა რიგ აპლიკაციებს საშუალება მისცა, წვდომა ჰქონოდათ 6.8 მილიონი მომხმარებლის პირად ფოტოებზე. ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ განცხადება დღეს, 14 დეკემბერს გაავრცელა.

“ფეისბუქი” ამბობს, რომ ხარვეზი 12-დან 25 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებდა. მან 1 500 აპლიკაციისა და მათი ასობით დეველოპერისთვის ხელმისაწვდომი გახადა სურათები, რომლებზეც, ჩვეულებრივ, ნებართვა არ გააჩნდათ.

ეს მოიცავს მომხმარებელთა იმ ფოტოებს, რომლებიც მათ ატვირთეს, თუმცა არ დაუპოსტავთ(მაგალითად, დაწყებული, თუმცა დაუმთავრებელი პოსტი, რომელიც არ გამოგიქვეყნებიათ, თუმცა “ფეისბუქმა” მისი ასლი მაინც შეინახა); ასევე სურათებს, რომლებიც ადამიანებმა Facebook Story-სა და Facebook Marketplace-ზე განათავსეს.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ ყველა ის მომხმარებელი, რომელსაც, შესაძლოა, შეეხო პროგრამული ხარვეზი, ამის შესახებ გაფრთხილებას მიიღებს. ის ასევე კონსულტაციებს აწარმოებს აპლიკაციებსა და დეველოპერებთან, რომელთაც მილიონობით მომხმარებლის ფოტოებზე უნებართვოდ მიიღეს წვდომა.

“ფეისბუქისთვის” პირად მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები ახალი არ არის: განსაკუთრებით მასშტაბურ და გახმაურებულ სკანდალში კომპანია მიმდინარე წლის მარტში გაეხვა. რამდენიმე მედიასაშუალების გამოძიება ანალიტიკურ კომპანია Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ზეგავლენისაზე მიანიშნებდა. გამოძიებით ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ სწორედ “ფეისბუქის” მომხმარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

აღნიშნულმა ცნობებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები შეაშფოთა, კომპანიის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს კი რიგ კითხვებზე პასუხების გაცემა არაერთ სივრცეში, მათ შორის აშშ-ის კონგრესსა და ევროპარლამენტში მოუხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი