ახალი ამბები

რა ტენდენციები ახასიათებს სამშენებლო სექტორს საქართველოში – TI-ის ანგარიში

14 დეკემბერი, 2018 • 1711
რა ტენდენციები ახასიათებს სამშენებლო სექტორს საქართველოში – TI-ის ანგარიში

2014-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორი გაიზარდა. სამშენებლო სექტორის მსხვილი მოთამაშეები კი ცდილობენ, მოიპოვონ მმართველი ძალის კეთილგანწყობა და ამაზე მიუთითებს ის მილიონობით ლარი, რომელსაც ისინი ხელისუფლებას არჩევნებზე სწირავენ. ამის შესახებ საუბარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში, რომელიც დღეს, 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამშენებლო სექტორში მიმდინარე პროცესები შეისწავლა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც თბილისში კ2 კოეფიციენტის ზრდის ნებართვების კლებამ გამოიწვია. შედეგად, სამშენებლო სექტორის წილი ეკონომიკაში 9.3%-დან (2017 წლის) 8.6%-მდე შემცირდა. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მშენებლობის სექტორის ზრდის სწრაფი ტემპი ზრდის საქართველოს ეკონომიკას და ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული პრობლემები.

ამ კუთხით მთავარ გამოწვევად TI ასახელებს სამშენებლო ნებართვების გაცემის პრაქტიკას და მშენებლობების 80%-ის თბილისსა და ბათუმში კონცენტრაციას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა – დედაქალაქში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2 199 ადამიანი ცხოვრობს. თბილისში გაცემული ნებართვების 79% კი საცხოვრებელი ფართის აშენებაზე მოდის.

TI-ის ანგარიშის მიხედვით, თბილისში „ქაოტური მშენებლობების“ ერთ-ერთ მთავარი მიზეზი სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდაა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2017 წლის ბოლომდე თბილისში სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდაზე ე.წ. ზონალურ შეთანხმებებს “ზონალური საბჭო” გასცემდა, რომლის უფლებები მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაეცა. 2018 წლის 6 თვეში კი მხოლოდ 53 ნებართვა გაიცა.

“2014-2016 წლებში, 2009-2013 წლებთან შედარებით, კ2 კოეფიციენტის მოსამატებლად ნებართვების რიცხვი 54%-ით გაიზარდა. კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის, რაც პირდაპირ ვლინდებოდა თბილისის მერიის “ზონალური საბჭოს” წევრების კავშირებით სამშენებლო ბიზნესთან და მოქმედ პოლიტიკოსებთან.

2006-2016 წლებში სამშენებლო ნებართვა 63.4 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაიცა, თუმცა ამავე პერიოდში მხოლოდ 16.4 მილიონი მ2-ის ობიექტები აშენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში მშენებლობების ფართობი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ვინაიდან ასაშენებელი ფართობის 51% თბილისზე, ხოლო 28% აჭარაზე მოდის, მშენებლობის მასშტაბების საგრძნობმა ზრდამ ურბანული პრობლემები შეიძლება გააღრმავოს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ანგარიში ეხება, სამშენებლო კომპანიების კავშირია პოლიტიკასთან. კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა  მსხვილი სამშენებლო კომპანიების და მათთან ასოცირებული პირების (მფლობელები, მენეჯმენტი) კავშირები სახელმწიფო შესყიდვებთან და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობებთან.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, 2012 წლის არჩევნებამდე სამშენებლო კომპანიების მფლობელები ფულს მხოლოდ “ერთიან ნაცონალურ მოძრაობას” და მასთან ასოცირებულ ორგანიზაციას – “საქართველო არ იყიდება” – სწირავდნენ.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, ორგანიზაციის განცხადებით, სამშენებლო კომპანიების მფლობელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” საერთოდ აღარ შეუწირავთ ფული. ამ პარტიის ზოგიერთი შემომწირველი “ქართული ოცნების” დონორი გახდა.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ კომპანიები არა პოლიტიკური სიმპათიების გამო სწირავენ ფულს, არამედ მმართველი ძალის გულის მოგება და პრივილეგიების მიღება სურთ:

“2018 წლის პირველი ნოემბრისთვის მსხვილი საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლებმა 2011-2018 წლებში პოლიტიკურ პარტიებს და სალომე ზურაბიშვილს მთლიანობაში 2 მლნ ლარამდე თანხა შესწირეს. ამავე პერიოდში, აღნიშნულმა კომპანიებმა ელექტრონული ტენდერებიდან 700 მლნ ლარამდე, ხოლო პირდაპირი შესყიდვებიდან 90 მლნ ლარი მიიღეს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

TI-ს ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი