ახალი ამბები

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ

14 დეკემბერი, 2018 • 2435
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია წერს, რომ დღეს, 14 დეკემბერს, ის და მისი უფროსი ძმა კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებისა და მკვლელის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას, ფაქტობრივად, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

“სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა “კაგებეს” სტაჟიანი თანამშრომელი, მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და, მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა”, – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი აზრით, სამართალდამცველები დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ვინაიდან მკვლელის პასუხისგებაში მიცემას “ფიგურანტების მთელი ბანდა” მოჰყვება.

“დღეს ჩვენს ოჯახს და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია. მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ, თუმცა ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან მართალი ვიყო”, – წერს ცოტნე გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდია, თავის მხრივ, წერს, რომ იძულებულია ეს ნაბიჯი გადადგას, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმეა მდგომარეობისა, რათა საქმეზე შედეგი მისი ხანდაზმულობსი ვადის გასვლამდე დადგეს.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე
საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების გზით 1992 წელს ჩამოაგდეს და მას შემდეგ ის დევნილობაში იმყოფებოდა.

ზვიად გამსახურდია არაერთხელ ეცადა ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ.

1993 წლის 31 დეკემბერს ის იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ პირველი პრეზიდენტის შვილებს და მხარდამჭერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი