ახალი ამბები

დიდუბეში მერიამ დაზიანებული ფიჭვების ნაცვლად ახალი ხეების დარგვა დაიწყო

14 დეკემბერი, 2018 • 2932
დიდუბეში მერიამ დაზიანებული ფიჭვების ნაცვლად ახალი ხეების დარგვა დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მერიამ დიდუბეში დაიწყო დაზიანებული 100 ძირი ფიჭვის ნაცვლად 7 სახეობის მინიმუმ 3-მეტრიანი ხეების დარგვა.

უწყების თქმით, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული და დაზიანებული ფიჭვების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან მიმდინარეობს. მოჭრილი ხეების ნაცვლად ტერიტორიაზე უკვე დარგულია 15 ძირი იტალიური ფიჭვი, 22 ძირი უნგრული ცაცხვი, 12 ძირი ამბრის ხე და 10 ძირი კატალპა. მიმდინარე წლის ბოლომდე ტერიტორიაზე ასევე დაირგვება ჩვეულებრივი იფანი, გრძელფოთოლა იფანი და არღავანი.

უწყების თქმით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში დედაქალაქში, ჯამში, 12 000 მერქნიანი მცენარე, მათ შორის 6 000 ძირი 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგვება.

დიდუბის მიმდებარე ტერიტორია ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ფიჭვები დაავადნენ. ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების, განსაკუთრებით კი, ფიჭვების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ექსპერტების მოსაზრებით, ფიჭვების დაავადება ხელისუფლების უყურადღებობის პირობებში სხვა ხეებზეც გადავა, შედეგად კი, ეკოლოგიურ კატასტროფად გადაიქცევა.

მერიის თქმით, ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ ეკოლოგიური ბალანსი აღდგეს. მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ 2018-2019 წლებში დაგეგმილია 20 000 გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრა და ჩანაცვლება.

ვრცლად ამ თემაზე:

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე – გამხმარია ათასობით ხე

მასალების გადაბეჭდვის წესი