ახალი ამბები

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

14 დეკემბერი, 2018 • 2877
ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის  სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი,  მოლდოვის ვიცეპრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, ხოლო აშშ-იდან – USAID-ის წარმომადგენელი.

“საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობის გაღრმავებისათვის”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ და დასძინა, რომ ინაუგურაციაზე ჩამოსული სტუმრები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე 2013 წელს ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი უცხოეთიდან ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენდა. ინაუგურაციის ცერემონიას დაახლოებით 50 ქვეყნის, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების დელეგაციები დაესწრნენ. აშშ-ის დელეგაციას იმ შემთხვევაშიც USAID-ის ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი ხელმძღვანელობდა. უცხოელ ოფიციალურ სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი; სომხეთის, რუმინეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; ირანის, მოლდოვის, ბულგარეთის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები; პორტუგალიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; იაპონიის საპარლამენტო ვიცემინისტრი საგარეო ურთიერთობების საკითხებში; ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტი; პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცესპიკერი; ბელარუსის პარლამენტის ვიცესპიკერი; თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; ყატარის კულტურის მინისტრი; თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრი; უკრაინის ვიცეპრემიერი.

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას კი 2008 წელს, 5 ქვეყნის – რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის – პრეზიდენტი ესწრებოდა. რუსეთიდან მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტუმრობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი