ახალი ამბები

შსს ადევნებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ახალგაზრდა კაცს ეძებს

14 დეკემბერი, 2018 • 1829
შსს ადევნებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ახალგაზრდა კაცს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველო გლდანში სექსუალური ხასიათის ადევნების და გარყვნილი ქმედების ფაქტებს იძიებს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას 12 დეკემბერს მიმართა 1993 წელს დაბადებულმა ქალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უცნობი კაცი აედევნა და გლდანში, მის საცხოვრებელ სადარბაზოში მასზე ძალადობა სცადა. მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვები ჩატარდა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს და გარყვნილ ქმედებას.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციას გლდანის მე-7 მიკრორაიონიდან არასრულწლოვანზე ადევნების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გამოძიების ფარგლებში ითვალისწინებენ მასმედიით გასულ ინფორმაციასაც.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით კი, მოზარდებზე ძალადობის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა გლდანში დაფიქსირდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი შემთხვევა სექტემბერში მოხდა, როცა სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 9 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მუხიანშიც დაფიქსირდა, თუმცა პირის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი