თელავის მერია ოპოზიციას ინაუგურაციის პარალელური აქციის ადგილის შეცვლას სთავაზობს

თელავის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას რეკომენდაციას აძლევს, 16 დეკემბერს ქალაქის ცენტრში აქცია არ ჩაატაროს და ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობს. თელავის მერის თქმით, ის ტერიტორია, სადაც ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავს, ინაუგურაციის ღონისძიებების არეალში ექცევა.

“ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს: კოსტავას ქუჩაზე, 9 აპრილის მემორიალის ტერიტორიაზე”, – ამბობს მერი.

მისი თქმით, ღონისძიებას უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციებიც უნდა დაესწრონ და ცენტრალური მოედანი მის ორგნაიზატორებს უსაფრთხოების კუთხით სჭირდებათ.

თელავში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ აქცია გაიმართება იქ, სადაც ეს “ძალა ერთობაშიამ” დააანონსა და ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ. საუბარია ერეკლე მეფის ძეგლთან მდებარე მოედანზე. ბოტკოველის თქმით, საკითხები, რომელზეც მერია აპელირებს, მათ შორის უსაფრთხოება, ამ უკანასკნელს საერთოდ არ ეხება და არც ინაუგურაციას უშლის ხელს, რომელიც ერეკლე მეფის სასახლეში უნდა ჩატარდეს.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის თანახმად, თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია აქციის მონაწილეებს რეკომენდაციით მიმართოს მანიფესტაციის ჩატარების დროის ან ადგილის შეცვლის შესახებ, თუ იმ ადგილს და იმ დროს სხვა აქცია იმართება და რომელზედაც თვითმმართველობის ორგანო უფრო ადრე იქნა გაფრთხილებული.

თელავი cc ილია ხუროშვილი/flickr

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com