ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რას ფიქრობენ ქართველი და ოსი ახალგაზრდები სამომავლო ურთიერთობებზე?

14 დეკემბერი, 2018 • 9251
რას ფიქრობენ ქართველი და ოსი ახალგაზრდები სამომავლო ურთიერთობებზე?

როგორი შეიძლება იყოს ქართველებსა და ოსებს შორის სამომავლო ურთიერთობები? – კითხვით ცხინვალსა და თბილისში ახალგაზრდებს მივმართეთ. 

ავტორები: ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან, ნინო კახიშვილი, თბილისი


ზარინა კაბულოვა, ცხინვალი

რა თქმა უნდა, საქართველოსთან უწინდელი ურთიერთობები ვეღარ გვექნება. დღესდღეობით, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, მათთან ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც მშვიდობის გარანტიას მოგვცემდა, სხვა დანარჩენ საკითხებში კი სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ.

იმისთვის, რომ ყველაფერში ნეიტრალური ურთიერთობები გვქონდეს, საჭიროა, საერთოდ გამოვრიცხოთ რაიმე ურთიერთობები. საზღვარიც ისეთი გვქონდეს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას აქვს მეზობელთან. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი გადაკვეთდა ამ საზღვარს. თუმცა, არ გვექნებოდა ვაჭრობა, რადგან ვაჭრობას სხვა საკამათო საკითხებიც შემოაქვს.

რაც მთავარია, საჭიროა გარანტია, რომ აღარ იქნება ომი. რა თქმა უნდა, თუ გამოვა, მომავალში რაღაც ურთიერთობების დარეგულირებაც კარგი იქნება. ვინ იცის, რა იქნება და რა შეიცვლება შემდეგ.

ზარინა კაბულოვა

ადელინა მამიევა, ცხინვალი

არ მგონია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების იმედი უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს გააკეთეს. მგონია, რომ საქართველოს არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობები. კავშირების მთლიანდაც დახურვა არ გამოვა, მაინც მეზობელი ქვეყანაა, მჭიდრო მეზობლობა არსებობს. თან, ბევრი ჩვენიანი მიდიოდა იქ სამედიცინო დახმარებისთვის, ბევრი მძიმე ავადმყოფი გადაარჩინეს იქ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება სამედიცინო დახმარება მიიღონ იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნიათ. ყველა ჩვენს მოქალაქეს არ შეუძლია საქართველოში წასვლა, ბევრი გაათავისუფლეს ამის გამო სასამხურებიდან. მაგრამ ამაზე მოლაპარაკება, შეთანხმების მიღწევააა საჭირო.

კირა კაბულოვა, ცხინვალი

ყველა ქართველი არ არის ცუდი. ასეთი რამე ბუნებაში შეუძლებელია. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, გულში მაინც სიძულვილი მაქვს. სწორედ ეს არის ის შესაფერისი სიტყვა, რომელიც ჩემს ემოციას გამოხატავს.

2008 წელი იყო კოშმარი მთელი სამხრეთ ოსეთისთვის. მაშინ 10 წლის ვიყავი. ამას ვერავინ დაივიწყებს. ყველაზე ცუდი ჩემთვის მაინც არა ტანკების ნახვა იყო ქალაქში, არამედ ყველაზე მძიმე იყო დედის ნახვა, რომელსაც ჩვენი სოცოცხლის გამო ეშინოდა. საშინელება იყო შიშის შეგრძნება გარშემო. როგორც არ უნდა ვეცადოთ, საქართველოსთან ვერ დავამყარებთ ნორმალურ ურთიერთობებს. თუკი ეს გამოვა პოლიტიკურად, ეკონომიკურდ, ხალხი ერთმანეთს მაინც ვერ დაუმეგობრდება. არცერთი ოსი, რომელმაც ეს დღეები საკუთარი თვალით ნახა, ვერ დაივიწყებს ამას და ვერ ააწყობს საქართველოსთან ურთიერთობებს.

კირა კაბულოვა

ალან საბანოვი, ცხინვალი

ამჟამად საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებისთვს და რეგიონის პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესელბად, საჭიროა საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება, მაგრამ საქართველომ ნდობა დაკარგა.

ურთიერთობების აღდგენისთვის ჯერ კიდევ ძალიან ადრეა და რთულია საუბარიც კი. 2008 წლიდან ჯერ მხოლოდ 10 წელი გავიდა.

იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები და საით მიჰყავთ სიტუაცია, ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია. ჯერ საქართველომ, ქართველებმა უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ჩვენ სხვანი ვართ,  სხვა კულტურული ერთეული ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება.

საერთოდ კი, უბრალოდ, ხალხი იტანჯება პოლიტიკის გამო.

ანატოლი გაზაევი, ცხინვალი

ძალიან დაძაბული ურთიერთობები გვაქვს და, ვფიქრობ, მომავალშიც ასევე დარჩება. სიმართლე რომ ვთქვა, საქართველო არ მომწონს და ვიტყვი რატომაც. წლიდან წლამდე ყოველი ახალი ხელისუფლება, მათ შორის ახალარჩეული პრეზიდენტი, მარიონეტებს გვეძახის, ხან ოკუპირებულ ტერიტორიებად მოგვიხსენიებენ.

სანამ ჩვენ მათ თვალში ოკუპრებული ტერიტორიები ვართ, ჩვენ ურთიერთობები არასოდეს დათბება. მასწავლებელი ხშირად მეუბნებოდა, რომ მეზობლებთან მეგობრულად უნდა ვიყოთ და მეზობლები ბევრად მნიშნელოვანი არიან, ვიდრე ნათესავები, იმიტომ, რომ მეზობლები შენს ახლოს არიან. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვქონოდა.

 

მარიამ ნოზაძე, თბილისი

ამ ზაფხულს, თბილისში რომ ჩავედი, თბილისი – გორის ავტობანზე მგზავრობა ხშირად მიწევდა. ერთ-ერთ ჯერზე დედაჩემთან ერთად მოვდიოდი თბილისისკენ და თან google.map-ზე ვუყურებდი, სად ვიყავით და რამდენ ხანში ჩავიდოდით თბილისში. შავშვებს რომ გავცდით, რუკამ აჩვენა, რომ ნელ-ნელა ავტობანსა და საოკუპაციო საზღვარს შორის მანძილი ძალიან მოკლე ხდებოდა სოფ. წითელუბანსა და სოფ. სარიბანს შორის. შემეშინდა, რადგან იქამდე ვერ წარმომედგინა, რომ საოკუპაციო საზღვარი ასე ახლოსაა, პრაქტიკულად გორის ავტობანიდან ორ კილომეტრში ფეხით რომ ვიარო, ალბათ, ნახევარ საათში გავივლი მაგ მანძილს.

ცხინვალის მხარეს ყურება დავიწყე. გზიდან მარცხნივ რა მთებიც ჩანს, იმას ვუყურებდი და მივხვდი, რომ ეს მთები ჩემი აღარაა. უფრო სწორად, ჩემს გონებაში დალაგდა წინადადება, რომ აი, ეს მთები, გზიდან მარცხნივ, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ბავშვობის ასაკიდან დღემდე (მინიმუმ 20 წელი), ჩემი არაა. მარჯვნივ მთაზე შემიძლია ავიდე და მარცხნივ მთაზე ვეღარ ავალ.

მერე დავფიქრდი, რომ დედაჩემი, რომლის მშობლებიც ხაშურში ცხოვრობდნენ და რომელიც ამ გზას ხაშურიდან თბილისამდე გორის გავლით, ალბათ, მინიმუმ 40 წელია წელიწადში ერთხელ მაინც გადის, იმავე ხედს უყურებდა და უყურებს. და ამდენივე წელია დედაჩემმა იცის, რომ ეს მთები მარჯვნივაც და მარცხნივაც ჩვენი ქვეყანაა. მაგრამ მე არ ვიცი, უნდა შევახსენო თუ არა დედაჩემს, რომ ამ 40 წელს უნდა გამოაკლოს 2008 წლიდან დღემდე გასული დრო.

მერე გამახსენდა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ (ჯერ ისევ აგვისტო იყო) სახლში გორიდან „დევნილი“ ნათესავები გვესტუმრნენ. მათ უბრალოდ დატოვეს სახლი გორში, რადგან გორი იბომბებოდა. სტუმრობისას ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ ისმოდა წინადადება, რომ „აი, გორში როცა დავბრუნდებით“ და ძალიან ძნელი იყო იმის გაფიქრება, რომ ისინი შეიძლება გორში ვერ დაბრუნებულიყვნენ. ეს ოჯახი დღეს გორში ცხოვრობს, თავის სახლში, მაგრამ არაერთი სხვა ოჯახი ვიცი, რომელიც თავის სახლში ვერ დაბრუნდა.

 

 

 

ამავე თემაზე:
8 აფხაზი ახალგაზრდა რუსეთისა და საქართველოს შესახებ
10 დევნილი ახალგაზრდა აფხაზეთზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი