ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ მიულოცა პუტინმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება – ზახაროვას განმარტება

14 დეკემბერი, 2018 • 2046
რატომ არ მიულოცა პუტინმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება – ზახაროვას განმარტება

“ვფიქრობ, ეს იგივეა, კაცს ჰკითხო, უყვარხარ თუ არა, მაშინ როდესაც მას ეს არაერთხელ აქვს შენთვის ნათქვამი”, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ხაზაროვამ სომხეთის მედიის, tert.am-ის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის, “ჩემი ნაბიჯის” გამარჯვება.

როგორც სომხური მედია წერს, ამ დრომდე ფაშინიანისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავთ ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებს.

ზოგადად, სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან კონსტრუქციულ დიალოგს მოელის, მათ შორის, თანამშრომლობის გაძლიერებას ევრაზიული კავშირის, ODKB-ის [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] და დსთ-ის ფარგლებში.

ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პოლიტიკური ოპონენტები და რუსული ოფიციალური მხარე პერიოდულად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სომხეთის საგარეო კურსი იცვლება და მისი ახალი ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთს არ განიხილავს. მსგავსი მოსაზრებების “გასაქარწყლებლად” ნიკოლ ფაშინიანი NATO-ს სამიტში მონაწილეობის პარალელურად რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმერ პუტინს და რუსული მედიისთვისაც არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. სომხეთში პოლიტიკური მიმომხილველების განმარტებით, მოსკოვსა და ბრიუსელში ფაშინიანის ვიზიტები სავსებით ეწერება იმ “მულტივექტორულ” ან “კომპლემენტარულ” საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც სომხეთი მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ატარებდა.

“ჩვენ გვაქვს NATO-სთან ურთიერთობა და ეს უკავშირდება სამშვიდობო მისიებს, მათ შორის კოსოვოში, ავღანეთში, და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. მაგრამ ჩვენ არ მივისწრაფით NATO-სკენ. ჩვენ ვართ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე ევროკავშირის პარტნიორები და არავის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით”, – ეს განცხდება ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის არჩევის შემდეგ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” ხმათა 70,43% აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი