ახალი ამბები

ბერლინის ღამის კლუბები ზამთრის დღეებში უსახლკაროებს შეიფარებენ

14 დეკემბერი, 2018 • 4727
ბერლინის ღამის კლუბები ზამთრის დღეებში უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში, სადაც ზამთარი სულ უფრო შესამჩნევი და ცივი ხდება, ქალაქის ღამის კლუბებმა გადაწყვიტეს, სუსხიან დღეებში უსახლკარო ადამიანებს დაეხმარონ. Electronic Beats-ის ინფორმაციით, ორი კლუბი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ.

გერმანიის დედაქალაქში, ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგის რაიონში, ღამის კლუბები, Astra Kulturhaus და Bi Nuu უსახლკაროთა დახმარების პროგრამას იანვარსა და თებერვალში აამოქმედებენ. ყოველი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს ორივე კლუბი, ჯამში, რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიფარებს. აღნიშნული ინიციატივის სრულყოფილად განსახორციელებლად მათი განრიგი შეიცვლება და მუსიკალური ღონისძიებების ნაწილი განრიგიდან მოიხსნება.

tagesspiegel-ის ცნობით, ბერლინის საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამგვარად შეუერთდნენ უსახლკაროთა დახმარების პროგრამას, სახელწოდებით, Berliner Kältehilfe, რომელიც ზამთარში ამ ადამიანების თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველსაყოფად მუშაობს.

ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგის მმართველი ორგანოს პრესსამსახურში მოხარული არიან, რომ კლუბებმა პროცესში ჩართვა და სოციალური პასუხისმგებლობის აღება გადაწყვიტეს.

“მოხარული ვიქნებით ყოველი შემდგომი შემოთავაზებით, რაც გაზრდის ცივი ზამთრის დროს თავშესაფრების რიცხვს”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი