ახალი ამბებიეკონომიკა

მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის საკმარისად გათბობას ვერ ახერხებს – კვლევა

13 დეკემბერი, 2018 • 2716
მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის საკმარისად გათბობას ვერ ახერხებს – კვლევა

დღეს, 13 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, ანალიტიკურმა ცენტრმა “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) წარადგინა კვლევა – ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში.

Weg-ის კვლევამ გამოავლინა, რომ ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც შემდეგ საკითხებში იკვეთება:

  • ზამთარში მოსახლეობა საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს ათბობს. გათბობისთვის ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს, რომლის წვაც არაეფექტურ ღუმელებში ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.
  • არსებული სუბსიდირების სქემების და დაზოგვის მეთოდების მიუხედავად, მაღალია ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში. გადახდის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ზამთრის თვეებში.
  • მოსახლეობის 99%-ისთვის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, 68%-ისთვის კი- გაზი, თუმცა რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს ძაბვის ცვალებადობით გამოწვეული ზარალი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა (ელექტროსადენები და ბოძები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას).
  • ენერგეტიკული სიღარიბის არსებობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალი ენერგოეფექტიანობის მქონე შენობები, რომლებიც ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს.
  • არსებული ფულადი დახმარების სქემები გარკვეული ხარვეზების მატარებელია და არ არის გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებისაკენ.

WEG-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის და ენერგეტიკის ახალ კანონზე მუშაობის კონტექსტში, ძირითადი ყურადღება ეთმობა მოწყვლადი მომხმარებლების საკითხს. ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება დროებით ფინანსურ ღონისძიებებს გულისხმობს მაშინ, როცა ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას საჭიროებს, რადგან არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ასპექტით.

ანალიტიკური ცენტრის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის ენერგეტიკული სიღარიბე შედარებით ახალი ცნებაა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა ან კვლევები დამკვიდრებული არ არის. მათივე ცნობით, აღნიშნული ანგარიშის მიზანია, შექმნას პირველადი ჩარჩო და რეკომენდაციები ამ საკითხის შემდგომი კვლევისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს ან ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ გაათბონ სახლი, ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციით, ენერგეტიკულ სიღარიბეზე სამი ძირითადი კომპონენტი მოქმედებს, ესენია:

  • დაბალი შემოსავლები;
  • მაღალი ენერგეტიკული ტარიფები;
  • შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა.

კვლევის მიზანი და მეთოდები

როგორც WEG-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, წინამდებარე კვლევის მიზანია, წარმოადგინოს ფაქტობრივი მასალა, ლოგიკური ჩარჩო და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისათვის, რომლის ამოცანაც უნდა იყოს საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის გამოვლენა, მისი აღმოფხვრის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა ენერგეტიკული რეფორმის საწყის ეტაპებზე.

ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, კვლევა ემყარება არსებული ლიტერატურის მიმოხილვას, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს და ფოკუსჯგუფებს:

“კვლევის პერიოდში ჩატარდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციები და ინტერვიუები წარიმართა ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებთან, უკრაინაში განხორციელებულ ენერგეტიკული რეფორმის მონაწილე ექსპერტთან და პოლონეთის სტრუქტურული კვლევების ინსტიტუტის მკვლევართან, რომელიც ჩართული იყო ენერგეტიკული სიღარიბის კვლევაში პოლონეთში. რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, შერჩევის პრინციპები და დეტალური მეთოდოლოგია მოცემულია ფოკუსჯგუფების ანალიზის ნაწილში.”

ინფოგრაფიკი

სრული დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი