ახალი ამბები

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

13 დეკემბერი, 2018 • 2771
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

13 დეკემბერს, დაახლოებით 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია გაავრცელა დათო გუსეინოვმა, რომელიც, რადიო მარნეულის ცნობით, აბაზოვის მეგობარია.

დეტალების გასარკვევად ნეტგაზეთი ცდილობს როგორც რუსთავის სასამართლოში, ასევე აბაზოვის ადვოკატთან დაკავშირებას.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში უთხრეს, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.

პროკურატურის ცნობითვე, დაცვის მხარის არგუმენტი იყო, რომ საქმის ძირითადი მოწმეები გამოკითხულია და წერილობითი მტკიცებულებები გამოკვლეულია, შესაბამისად, მათი მტკიცებით, აღარ არის საფრთხე [აბაზოვის მიერ მათზე ზემოქმედებს]”.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.


აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი