ახალი ამბები

ზედაპირული გაშუქება და ამომრჩეველზე ზემოქმედება – როგორ გაშუქდა არჩევნები პრესასა და რადიოში

13 დეკემბერი, 2018 • 2474
ზედაპირული გაშუქება და ამომრჩეველზე ზემოქმედება – როგორ გაშუქდა არჩევნები პრესასა და რადიოში

“გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნების პერიოდს მოიცავს, რადიომაუწყებლებში პოლარიზაციის ტენდენცია არ შეინიშნებოდა.

ბეჭდურ მედიაში კი უმთავრეს გამოწვევას გადაუმოწმებელი ინფორმაციის, დაუდასტურებელი ფაქტებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ხშირი გამოქვეყნება წარმოადგენდა.

რადიომაუწყებლების მონიტორინგის შედეგები

რადიომაუწყებლების შემთხვევაში, ანგარიშის ავტორების განცხადებით, დრო ძირითადად ეთმობოდა კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებს (ვის შეხვდა, სად შეხვდა, რას დაჰპირდა) და ინფორმაცია მშრალი და ზედაპირული იყო, საარჩევნო პროგრამები სიღრმისეულად არ განიხილებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს რადიომაუწყებლების დიდი უმრავლესობა ტონთა სიჭრელით გამოირჩეოდა, თუმცა მოვლენების ზედაპირული, მშრალი და ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს მოკლებული გაშუქების გამო, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მიმართ, მთლიანი დროის საშუალოდ 65% ნეიტრალურ ტონზე მოდიოდა:

“პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა თუ ქვეყნის განვითარების ხედვებზე სიღრმისეული სიუჟეტები არ მომზადებულა. მცირე დრო დაეთმოთ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს და მსმენელს მათი პარტიული კუთვნილების გარდა სხვა ინფორმაცია ნაკლებად მიეწოდებოდა, ხოლო მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატებს დრო თითქმის არ დათმობიათ” – ვკითხულობთ ანგარიშში.

მომდევნო წლებში, არჩევნების დღეებში (21.10.2017 და 28.10.2018), ვრცელი და ანალიტიკური გამოშვება მხოლოდ რამდენიმე რადიომაუწყებელმა მოამზადა. ანგარიშის ავტორების თქმით, არხების უმეტესობამ არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენები ისევე ზედაპირულად გააშუქა, როგორც მთლიანად წინასაარჩევნო კამპანია:

“2018 წელს რამდენიმე არხს, რომლებიც კვირა დღეს ისვენებენ („ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „თავისუფლება“) 28 ოქტომბერს, არჩევნების პირველი ტურის დღესაც არ მოუმზადებია საინფორმაციო გამოშვება.

თუმცა არჩევნების მეორე ტური აქტიურად გააშუქეს: ეთერში გადიოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებიდან, ცესკოს და დამკვირვებლების კომენტარები და ა.შ. გამონაკლისს წარმოადგენდა რადიო „მაესტრო“, რომელსაც საკუთარი საინფორმაციო გადაცემა არ მოუმზადებია, მის ეთერში არჩევნების დღეებში (28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი) „ტვ პირველი“ იყო ჩართული” – წერია ანგარიშში.

ბეჭდური მერიის მონიტორინგის შედეგები

სამწლიანი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართული პრესის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს გადაუმოწმებელი ინფორმაციის, დაუდასტურებელი ფაქტებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ხშირი გამოქვეყნება.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული ბეჭდური გამოცემების დიდი ნაწილი საერთოდ არ ზრუნავს მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორეზე:

“გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაუსაბუთებელი ბრალდებები ხშირად გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტთა მხრიდან უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა ეყრდნობოდა ისეთ ინფორმაციას, რომლის სისწორე და სანდოობა არ იყო შესაბამისად დადასტურებული” – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა გადაუმოწმებელი ფაქტბის გავრცელებისა, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართულ პრესაში ხშირად შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიმართ.

დოკუმენტში ვკითხულობთ,  რომ პოლიტიკოსთა უარყოფითი გაშუქება ხშირად ხდებოდა არაკონსტრუქციული კრიტიკისა და შესაბამისი ფაქტებით გამყარებული მსჯელობის, არამედ მძიმე პიროვნული შეურაცხყოფისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გზით:

“მონიტორინგის პერიოდში განსაკუთრებულად მძიმე შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია სისტემატურად გვხვდებოდა გაზეთებში, „ასავალ‐დასვალი“ და „ალია“. აღნიშნული გამოცემების ჟურნალისტები ხშირად იყენებდნენ უკიდურესად მძიმე შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას პოლიტიკოსთა გაშუქებისას” – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისს არც არჩევნების გაშუქება წარმოადგენდა და, ხშირ შემთხვევებში, ჟურნალისტური სტანდარტების ისეთივე უხეში დარღვევების ფონზე ხდებოდა, როგორც სხვა საკითხების გაშუქება.

სამწლიანი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გამოცემების ნაწილი ცდილობდა და ახერხებდა, რომ არჩევნების პერიოდში სათანადო სივრცე დაეთმო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისთვის, თუმცა დიდი ნაწილი მოვლენებს აშუქებდა ცალმხრივად და არაობიექტურად.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კანდიდატების გაშუქებისას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა მათ საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს. ხშირად გვხვდებოდა საარჩევნო კანდიდატების დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა გამოცემის მიერ, რაც, ხშირ შემთხვევებში, აღნიშნული კანდიდატების პიროვნული შეურაცხყოფისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე ხდებოდა.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გაზეთების დიდი ნაწილისთვის არჩევნების პერიოდში მთავარი მიზანი არა საზოგადოების მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირება იყო, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედება ამა თუ იმ საარჩევნო კანდიდატის მხარდასაჭერად, თუ პირიქით.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, გამონაკლისს არც რეგიონული გამოცემები წარმოადგენდნენ.


მედიამონიტორინგი “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა მოიცავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო თოქშოუების მონიტორინგი;
  • ინტერნიუს-საქართველო –  რადიოების მონიტორინგი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) – ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

პოლარიზაციის კლება და ზედაპირული გაშუქება – როგორ მუშაობდა ონლაინ მედია ბოლო სამ არჩევნებზე

პოლარიზაციის კლება და ზედაპირული გაშუქება – როგორ მუშაობდა ონლაინ მედია ბოლო სამ არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი