არჩევნები ჩატარდა ცუდად, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ცუდად ჩატარებული არჩევნებისა, სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს, 13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მის მოსაზრებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ, ამავე დროს, ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20%-ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ფაქტიურად, კითხვები არ ისმება”, – თქვა მარგველაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, “კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება, ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად”.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შექმნიდა, რომელიც ცოტა მაინც დააბრუნებდა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში.

“სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია”, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ გამოხატა მან პირველივე დღეებში თავისი პოზიცია და მზადყოფნა უფლებამოსილების ცივილიზებულად გადასაბარებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.