ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი  პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს.

„ვითიბი ბანკი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას, შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა ჩვენ  ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge – განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი