ახალი ამბები

ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის “Visa on Arrival” ამოქმედდება

13 დეკემბერი, 2018 • 2185
ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის “Visa on Arrival” ამოქმედდება

2019 წლის თებერვლიდან ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება “Visa on Arrival”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) აგრძელებს შეხვედრებს ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ  2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება “Visa on Arrival”, – აცხადებენ სამინისტროში.

“ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქ. ბანგკოკში გაიმართა  არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn).

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება, ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება.  მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი