პროპაგანდით ჩანაცვლებული ჟურნალისტიკა – როგორ გააშუქეს არჩევნები ტელევიზიებმა

“გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნების პერიოდს მოიცავს, ტელემაუწყებლებში,  ონლაინ მედიისგან განსახვევბით, სადაც პოლარიზაციის მაჩვენებელი მცირება, ეს კომპონენტი წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის არჩევნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიური გაშუქება იყო.

ანგარიშის მიხედვით, სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია ‐ ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი ‐ ოპოზიციისადმი.

როგორც სამწლიანი მედიამონიტორინგის შედეგებით იკვეთება, პოლარიზაციამ პიკს 2018 წელს მიაღწია.

“2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს კი მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიური გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით ‐ “იმედი”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “ობიექტივი” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  სამი წლის განმავლობაში “რუსთავი 2” მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში.

მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამის საპირისპიროდ, “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. რაც შეეხება წინა პერიოდს, 2016-2017 წლებში “იმედის” მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით, არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.   

ანგარიშის მიხედვით, “იმედის” მსგავსი იყო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში:

“არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017‐2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა. ასევე, ეთერიდან გაქრა ტოქშოუები, რომლებშიც კანდიდატებს მწვავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამის საპირისპიროდ, მედიამონიტორინგის შედეგებით განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა.

მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, პოლარიზაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით 2018 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის გაიზარდა.

კერძოდ, არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ იმედი “საგანგებო მუშაობის” რეჟიმზე ოფიციალურად გადავიდა.  “იმედის” საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლა ტოქშოუების რაოდენობის გაზრდასა და საინფორმაციო გამოშვებაში “ნაციონალური მოძრაობის” უარყოფითად გაშუქების მატებაში გამოიხატა.

მონიტორინგის ავტორები აცხადებენ, რომ გაიზარდა მანიპულაციური და ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადებული სიუჟეტების რაოდენობა.

ანგარიშში გაკრიტიკებულია ტელეკომპანია “რუსთავი 2″‐იც, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ  არ განუცხადებია საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას”:

“ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა. ჟურნალისტები ღიად, საკუთარი მიკერძოებული ტექსტებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ციტატებით აკრიტიკებდნენ სამიზნეში ამოღებულ სუბიექტებს” – წერია ანგარიშში.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ცვლილება მანაც განიცადა და მეორე ტურამდე ეთერიდან გაქრა პირველი ტურის წინ შექმნილი გადაცემა “დღის თემა”, ასევე, “კვირის ინტერვიუ” და “აქტუალური თემა”. მის ნაცვლად ეთერში გადიოდა ტოქშოუს ფორმატის გადაცემა “არჩევნები 2018”, რომელიც უმეტესად ხელისუფლების ნარატივს ატარებდა.

რაც შეეხება “ტვ პირველს”, ანგარიშის მიხედვით,  პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს “ტვ პირველი” და მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება.

ტენდენცია, რომელიც ანგარიშის ავტორების განცხადებით სამი წლის განამვლობაში არ შეცვლილა – სიღრმისეული მასალების ნაკლებობაა.  დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ტელემაუწყებლები მიმდინარე ამბებს ფრაგმენტულად აშუქებენ, უმეტესად მისდევენ პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს, სიუჟეტები ძირითადად მათ განცხადებებსა და შეფასებებზეა აგებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემაა ამბის თხრობის ტექნიკაც, რადგან ამბავი ისეა გადმოცემული, მაყურებელს გაუჭირდება მისი არსის გაგება. ამ კუთხით, დოკუმენტის ავტორები გამონაკლისად ასახელებენ “რუსთავი 2”-ს, რომელიც ყოველთვის ცდილობს მოიძიოს ექსკლუზიური ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების კონკრეტული ფაქტები და თავად შექმნას დღის წესრიგი.

სიღრმისეული მასალის ნაკლებობით, ანგარიშის მიხედვით, გამოირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებელი, “ტვ პირველი” და აჭარის ტელევიზია.

სამწლიანი მონიტორინგი ასევე აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენის, შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2018 წელი გამორჩეული იყო ნეგატიური საარჩევნო კამპანიითა და გაშუქებით, რასაც თან ახლდა არა იმდენად სიძულვილის ენა, არამედ შეურაცხმყოფელი ფრაზები, უხამსი ლექსიკა და გინებაც კი, მათ შორის, წამყვანის მხრიდანაც:

“ამასთან, ცალკე უნდა გამოიყოს ტელეკომპანია „ობიექტივი“. სიძულვილის ენას ამ გადაცემის ტოქშოუებში ტენდენციის სახე აქვს. თურქები, ირანელები, არაბები, ინდოელები წარმოჩენილნი არიან ქართველებისთვის საფრთხედ. თურქეთი დამპყრობლად არის ნაჩვენები რუსეთის ოკუპაციის საპირწონედ, რის გასამყარებლადაც წამყვანები და რესპონდენტები ისტორიულ მოვლენებს იყენებენ.

ამგვარი მიდგომით გადაცემა აჩვენებს, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის ოკუპანტი და საზოგადოებაში ერთგვარ ალტერნატივას აჩენს. საინფორმაციო გამოშვებებიდან ძირითადად მხოლოდ ობიექტივში დაფიქსირდა სიძულვილის ენის შემთხვევები” – ვკითხულობთ ანგარიშში.


მედიამონიტორინგი “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა მოიცავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო თოქშოუების მონიტორინგი;
  • ინტერნიუს-საქართველო –  რადიოების მონიტორინგი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) – ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი.

ამავე თემაზე:

პოლარიზაციის კლება და ზედაპირული გაშუქება – როგორ მუშაობდა ონლაინ მედია ბოლო სამ არჩევნებზე

ზედაპირული გაშუქება და ამომრჩეველზე ზემოქმედება – როგორ გაშუქდა არჩევნები პრესასა და რადიოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.