ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვეს, კონფერენცია ჩაიშალა

13 დეკემბერი, 2018 • 2620
თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვეს, კონფერენცია ჩაიშალა

14 დეკემბერს თბილისში, სასატუმრო “ბილტმორში” დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია – “ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში” ჩაიშალა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში”.

ორგანიზაციის პრეზიდენტის, მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, კონფერენციის გადადების მიზეზი ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის გახშირებული ფაქტები გახდა.

“14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. მოგეხსენებათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გეუგებრობა არ გაირკვევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს,” – აცხადებს კავშირის პრეზიდენტი.

მოჰამმად ხალეყის თქმით, “ირანელ ინვესტორთა კავშირის” მიზანია, ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის ხელშეწყობა, ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში ინტეგრაციის და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, საქართველოში ინვესტორების მოზიდვა, ინვესტორებისა და ბიზნესმენების უფლებების დაცვა და ა.შ.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რატომ არ შემოუშვეს ირანელი ბიზნესმენები საქართველოში. უწყების ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

[განახლება – 08:10]

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნავს, რომ მესაზღვრეები მხოლოდ იმ მგზავრებს არ უშვებენ, რომლებიც “ვერ აკმაკოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს “.

“…შესაბამისად 11 დეკემბერს რამდენიმე მათგანს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული ირანის მოქალაქეების, ბიზნესმენების კონფერენციაზე დასწრების შესახებ.

საზღვრის კვეთისას, ირანის არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც ქვეყანაში კანონის სრული დაცვით არ შემოუშვეს, არ განუცხადებიათ, რომ ისინი იყვნენ ბიზნესმენები და მათი ქვეყანაში შემოსვლის მიზეზი იყო 14 დეკემბერს გასამართ კონფერენციაში მონაწილეობა”, – აცხადებს უწყება.

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენთა კონფერენცია ამ შემთხვევის გამო ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი