ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლუგარის ლაბორატორიის საკითხი აფხაზებმა ჟენევის დისკუსიებზეც წამოჭრეს

13 დეკემბერი, 2018 • 2281
ლუგარის ლაბორატორიის საკითხი აფხაზებმა ჟენევის დისკუსიებზეც წამოჭრეს

​ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა, აფხაზურმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად “საქართველოს მილიტარიზაციასა და თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზეც” წამოჭრა საკითხი.

“შევეხეთ ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც აფხაზური მხარის სერიოზულ მღელვარებას იწვევს”, – ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ირაკლი ტუჟბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ჟენევის დისკუსიების მონაწილეა აფხაზური მხრიდან.

მისივე განცხადებით, აფხაზურმა მხარემ საქართველოს მილიტარიზაციის საკითხზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, “საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას”.

საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ მიმდინარეობს. კამპანიას სოხუმსა და ცხინვალშიც შეურთდნენ. რუსი, აფხაზი და ოსი მაღალჩინოსნები პერიოდულად ავრცელებენ განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან (2013) ვრცელდება.

ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია ქართულმა მხარემაც გაავრცელა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი