ახალი ამბები

როგორ შეიძლებოდა დასჯილიყვნენ დეპუტატები, ახალი რეგლამენტი ძალაში რომ ყოფილიყო

12 დეკემბერი, 2018 • 1852
როგორ შეიძლებოდა დასჯილიყვნენ დეპუტატები, ახალი რეგლამენტი ძალაში რომ ყოფილიყო

12 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” წერს, ეს ინციდენტი “კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეთიკის საბჭოს დროულად შექმნის და ეთიკის კოდექსის ეფექტურად ამოქმედების საჭიროებას”.

რას ამბობს მსგავს ინციდენტებზე ახლანდელი რეგლამენტი?

პარლამენტის რეგლამენტის — ანუ პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესის, პროცედურებისა და პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის განსაზღვრელი დოკუმენტის — ახლანდელ რედაქციაში მხოლოდ ის წერია, რომ “პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან, დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები”.

აქ არაფერია ნათქვამი სანქციებზე, რაც პარლამენტარებს ამ წესების დარღვევისთვის შეიძლება დაუდგინდეთ.

თუმცა ეს მდგომარეობა ახალი რეგლამენტით იცვლება. ახალი რეგლამენტი, მართალია, მესამე და საბოლოო მოსმენით 6 დეკემბერს დაამტკიცა პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, თუმცა ძალაში 16 დეკემბერს შედის — პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

როგორ ისჯება დეპუტატი ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის?

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულია ეთიკის საბჭოს შექმნა და პარლამენტის წევრის ვალდებულება, დაიცვას ეთიკის ნორმები. ამასთან, პარლამენტმა დადგენილებით უკვე დაამტკიცა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი სახის სანქცია:

ა) სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება;
ბ) ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან  მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით);
გ) საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში);

იმუშავებს თუ არა კოდექსი?

როგორც TI აფასებს, რეაგირების ეფექტური მექანიზმის გარეშე ეთიკის კოდექსი მხოლოდ “ფორმალური დოკუმენტი” იქნება.

მათი პოზიციით, აღსრულების ქმედითი მექანიზმის დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია:

  • პარლამენტის წევრი ვალდებული იყოს, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან;
  • იმისათვის, რომ ეთიკის საბჭო იყოს ეფექტური და მიუკერძოებელი და არ გადაიქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, მიზანშეწონილია, ეთიკის საბჭო არა მხოლოდ პარლამენტის წევრების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგანაც იყოს დაკომპლექტებული.

თუმცა, ორგანიზაცია “მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად”, პარლამენტის მხრიდან კოდექსის მიღებას პირველ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის “ეტაპობრივად გაუმჯობესდება და დაიხვეწება”.

“მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-პირი” – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი