რუსულმა არხმა კოსტუმში ჩაცმული ადამიანი “მაღალტექნოლოგიურ რობოტად” გაასაღა

ის, რაც რუსეთის ტელევიზია Russia-24-მა რობოტიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარმოდგენილ “მაღალტექნოლოგიურ რობოტად” წარმოაჩინა, სინამდვილეში კოსტუმში გამოწყობილი ადამიანია.

არხის თანახმად, “რობოტს, სახელად ბორისს, უკვე ნასწავლი აქვს ცეკვა და ძალიან კარგადაც გამოსდის”. თუმცა მაყურებელთა ნაწილს მალევე გაუჩნდა კითხვები: სად არის ბორისის გარე სენსორები? რატომ აკეთებს იგი ამდენ “ზედმეტ მოძრაობას” ცეკვისას?

მოგვიანებით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბორისი არა რობოტი, არამედ კოსტუმირებული ადამიანი იყო.

3 000-ევროიანი კოსტუმი, გარდიანის თანახმად, “ქმნის თითქმის უტყუარ ილუზიას, რომ თქვენ წინაშე ნამდვილი რობოტი დგას”.

თავად ტექნოლოგიური ფორუმის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ არ ცდილობდნენ, კოსტუმირებული ადამიანი რობოტად გაესაღებინათ.

თუმცა ტელევიზიამ იგი სწორედ ასე წარმოაჩინა.

მოგვიანებით ეს რეპორტაჟი არხის იუტუბის არხიდან დროებით გაქრა, თუმცა ამჟამად ისევ ხელმისაწვდომია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com