ახალი ამბები

ბაღების კვებით უზრუნველყოფის 38-მილიონიან ტენდერში მხოლოდ “ნილი” მონაწილეობს

14 დეკემბერი, 2018 • 1426
ბაღების კვებით უზრუნველყოფის 38-მილიონიან ტენდერში მხოლოდ “ნილი” მონაწილეობს

თბილისის მერიის მიერ სკოლამდელი ასაკის ბავშების კვებით უზრუნველყოფისთვის გამოცხადებულ ორივე ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. მერიას ცალ-ცალკე აქვს გამოცხადებული მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე განთავსებული ბაღებისთვის ტენდერები. ორივე მათგანი ღირებულება, ჯამში, 38 მლნ ლარს აღემატება.

პირველი ტენდერის შემთხვევაში, კომპანიამ 2019 წელს 27 975 433 ლარად საბავშვო ბაღები კვებით უნდა უზრუნველყოს. ამ თანხას მერია 190 დღის მანძილზე, დასვენების დღეების გამოკლებით, 44 288 ბავშვის სამჯერადი კვებასა და ერთ წახემსებაზე დახარჯავს.

ამავე ტენდერის ღირებულებაში შედის 23 დღის მანძილზე (საზაფხულო ბაღები) 9 551 აღსაზრდელის გამოკვებაც. კომპანიას უფლება არ აქვს, უკვე დამტკიცებულ მენიუში, მერიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ცვლილებები შეიტანოს. წლევანდელი ტენდერით იმავე სერვისისთვის მერიას 44 862 ბავშვისთვის 25 244 815 ლარი ჰქონდა განსაზღვრული.

მეორე ტენდერის ღირებულება 10 544 926 ლარია. ამ თანხით მერია 2019 წელს 16 712 ბავშვის კვებით უზრუნველყოფას გეგმავს. ტენდერში ასევე შედის 23 დღის მანძილზე 3 449 აღსაზრდელის კვების ხარჯებიც.

მენიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

2018 წელს მერიას ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა 60 965 აღსაზრდელის კვებით უზრუნველყოფაზე და ამისთვის ბიუჯეტიდან 34 295 374 ლარი გამოყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს ერთ ბავშვზე დღეში დაახლოებით 3.12 ლარი იხარჯება.

2019 წელს, სატენდერო დოკუმენტების თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელების რაოდენობა 61 ათასამდე გაიზარდა. ამ ბავშვების კვებისთვის მუნიციპალიტეტი 38 520 259 დახარჯავს. ერთ ბავშვზე – დაახლოებით 3.5 ლარს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, 2015 წლიდან დღემდე, კვებითი მომსახურების გაწევის არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მერია კომპანიას ავალდებულებს წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლის შესახებ.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ქალაქის მთავრობა შეისწავლის მწარმოებელი კომპანიების სახელზე  გაცემულ ISO მოქმედი სერტიფიკატებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებულ დოკუმენტებსაც.

კომპანია ასევე ვალდებულია თავისი ხარჯებით საჭიროებისამებრ აწარმოოს კვების ბლოკში არსებული ქონებისა და ინვენტარის მცირე სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 100 ლარს არ აღემატება.

შ.პ.ს ნილი

“ნილი” არის კომპანია, რომელიც 2018 წელს თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უკვე უზრუნველყოფს.  მერიამ ბაღში კვების უზრუნველსაყოფად  ტენდერი  2017 წლის 13 დეკემბერს გამოაცხადა, მაგრამ ის უარყოფითი შედეგით დამთავრდა. ტენდერის შედეგების თანახმად, შპს “ელფი”, “ფუდსერვისი” და “ნილი” დისკვაიფიცირებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ხელმეორედ, 2018 წლის იანვარში გამოცხადებულ ორივე ტენდერში, რომელთა ღირებულება, ჯამში, 34 მლნ ლარს აღემატებოდა, “ნილმა” გაიმარჯვა. ის განმეორებით ჩატარბეული ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.

მიმდინარე წლის იანვარიში გამოცხადებულ ტენდერშიც მხოლოდ “ნილი” მონაწილეობდა. 2005 წელს დაფუძნებული შპს “ნილის” წილის 50%-ის მფლობელ გიორგი ჯუღელს 2014-2015 წლებში ქართული ოცნებისთვის, ჯამში, 120 000 ლარი აქვს შეწირული. მეორე მეწილე (20%) თეიმურაზ გიორგაძეს – 30 000 ლარი.

კომპანიის დირექტორი კახა გიორგაძე ამბობს, რომ თუ საკვებზე ფასები არ გაიზარდა, ამ ფასად ბაღების კვებით უზრუნველყოფას შეძლებს.

“არ ვიცი [არ ვიცი, რატომ არ მონაწილეობენ სხვა კომპანიები], მათ უნდა ჰკითხოთ. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ზოგს მოგება შეიძლება დიდი აქვს ჩადებული, ზოგს- მცირე. ჩვენს კომპანიას მცირედი მოგებაც აკმაყოფილებს,”-უთხრა რუსთავი 2-ს გიორგაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი