ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, პრეზიდენტის თანამშრომლებს სტატუსი არ შეუცვალოს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის.

როგორც სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს სტატუსს უცვლის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად გარდაქმნის. შესაბამისად, ამ კანონპროექტით მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გამარტივებული საფუძველი იქმნება.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად,” – ამბობს ომბუდსმენი.

სახლხო დამცველი განმარტავს, რომ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას.

გარდა ამისა, ხელშეკრულების მოშლა და ახალი თანამშრომლების აყვანა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით.

“აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე მხოლოდ 5 პირია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული. კანონპროექტის ინიციატორები პირთა აღნიშნულ წრეს აფართოებენ და რისკის ქვეშ აყენებენ 102 სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ თავად კანონპროექტის განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილება. მოხმობილი ინფორმაცია ასევე ვერ ასაბუთებს ცვლილებების საჭიროებას. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე,”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი დასძენს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. ინიცირებული კანონპროექტი კი  დასაბუთების გარეშე უცვლის სტატუსს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას და ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.

ომბუდსმენი წერს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” მოქმედი კანონი, რომელშიც ცვლილებები უნდა შევიდეს, გულისხმობს პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საპირწონედ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის ძირითადი არსი მდგომარეობს თანამდებობის პირის პირადი, პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების საფუძველზე მოქალაქის დასაქმებაში.

“პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი პროცედურისაგან სრულად განსხვავდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სწორედ ამის გამო, შეზღუდულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრე და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.“

ინიცირებული კანონპროექტით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების სტატუსის შეცვლა და მათი მიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, ასევე ირღვევა ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოხელეთა საერთო ოდენობის მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული,” – დასძენს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დააშორებს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც ის მიიღეს და არსებული სტანდარტების გაუარესების საშიშ პრეცედენტს შექმნის.

შესაძლოა, პრეზიდენტის ათობით თანამშრომელი საჯარო მოხელე აღარ იყოს — ანა ნაცვლიშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან