ახალი ამბებირეკლამა

ევროკავშირის როლი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში

12 დეკემბერი, 2018 • 3353
ევროკავშირის როლი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში

ევროკავშირის თანამშრომლობა პროფესიული განათლების გასაუმჯობესებლად 2009 წლიდან საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა. შეიქმნა პროფესიული განათლების  სტრატეგიული გეგმა. ევროპის განათლების ფონდმა შეაფასა პროექტები, რომლის მიზანიც პროფესიული განათლების სისტემის დანერგვა და განვითარებაა საქართველოში.

პროფესიული განათლების და დასაქმების მიმართულების გაძლიერება საქართველოს ვალდებულებად აქვს აღებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვითაც.

საქართველოში პროფესიული განათლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ყველასთვის ხელმისაწვდომობაა – სახელმწიფო ვაუჩერის წესით აფინანსებს ქვეყნის მოქალაქეებს ასაკის მიუხედავად.

შრომის ბაზრის კვლევების მიხედვით, პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

„დეფიციტურ პროფესიებში ჭარბობს სწორედ პროფესიული განათლების მქონე პოზიციები. ევროკავშირის სპეციალური პროექტები, რომლებიც საქართველოში დასაქმების ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული, სხვა მრავალ მიზანთან ერთად, გულისხმობს ასევე, მძლავრი პროფესიული განათლების სისტემის დანერგვას. რიგ შემთხვევებში, მცირეხნიანი კურსების საშუალებით ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების გადამზადებას”, – ამბობს საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე.

2015-2019 წლებისთვის, ეტაპობრივად, დაახლოებით 27 მილიონი ევროს დახმარება გამოყო ევროკავშირმა  საქართველოსთვის, პროფესიული განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად და ადამიანთა დასასაქმებლად.

  • გადაამზადეს პროფესიული განათლების სისტემაში დასასაქმებელი მასწავლებლები, გაჩნდა პროფორიენტაციისა და კარიერული წინსვლის მიმართულებები. ეს დასასაქმებელ მოქალაქეებს თვითორიენტაციასა და მომავლის დაგეგმვაში ეხმარება
  • დაინერგა ცხოვრების მანძილზე ხანგრძლივი სწავლების პრინციპი,

შრომითი ბაზრის საინფორმაციო სისტემის განმავითარებელი პლატფორმები და მექანიზმები

ეს ყველაფერი იყო წინაპირობები სისტემის გასამართად.

ცალკე უნდა გამოვყოთ ევროკავშირის ექსპერტთა ტექნიკური დახმარების ჯგუფი. სწორედ ეს ჯგუფი, ინსტიტუციურ დონეზე, კონსულტაციებით ეხმარებოდა რეფორმაში ჩართულ უწყებებს.

საქართველოში ხელმისაწვდომია 35 კოლეჯი და ინსტიტუცია, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული განათლების მიღება. გარდა ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მაღალი ხარისხი, რადგან, საბოლოოდ, სწორედ ხარისხი განაპირობებს კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.

ვებ პლატფორმაზე: VET.GE – დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ თითქმის ყველა მიმართულების პროფესიულ საქმიანობაში გადამზადების კურსები, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ.

 

მსოფლიო სტანდარტი

ყველა ქვეყანას პროფესიული განათლების თავისი სტანდარტი აქვს, მაგრამ არსებობს თანამშრომლობის ინიციატივები. უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლონიის პროცესი უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შეიქმნას გულისხმობს.

ასეთივე მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებაში 2002 წლიდან დაწყებული კოპენჰაგენის პროცესი, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების სტანდარტის შემუშავებას, ღირებულებების დანერგვას. ეს საერთოა ყველა ქვეყნისთვის: ნებისმიერი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემაში გადამზადებულ პირს უნდა შეეძლოს დასაქმდეს უცხოეთის საწარმოებშიც, ამიტომაცაა საჭირო საერთო ღირებულებები და მიდგომები.

არსებობს კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოც, რომლის განვითარებისა და დახვეწის ვალდებულებას იღებს ყველა ქვეყანა. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს აღიწეროს ყველა ქვეყნის მეთოდი და მიდგომები, გამოიკვეთოს რა დაშვება აქვთ ამა თუ იმ ქვეყანაში განათლებამიღებულ, გადამზადებულ პირებს შრომის მსოფლიო ან ეროვნულ ბაზარზე.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის აქცენტი გადატანილი ზოგადი უნარების გაუმჯობესებაზე, რაც ნებისმიერ სფეროში აუცილებელი და მოთხოვნადია. ეს უნარებია: უცხო ენაზე მეტყველება, ტექნოლოგიების ცოდნა, სამეწარმეო აზროვნება და, ცხადია, საგნობრივი უნარები. ეს ყველაფერი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელადაა და, შესაბამისად, საქართველოც აქტიურად მიჰყვება ამ პროცესს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოლეჯების, კონკრეტული სასწავლებლების დონეზე დირექტორებს ჰქონდეთ განვითარების სწორი და ეფექტური ხედვა, ამაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

ირლანდიამ, მაგალითად, გეზი აიღო ტექნოლოგიების მიმართულებით – IT ტექნოლოგიების სიახლეებზე შეიმუშავა სტრატეგია ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით. ამ ქვეყანამ მოგვცა რჩევა, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებით მოვიპოვოთ მსოფლიო შრომით ბაზარზე უპირატესობა, რომ ეს იყოს მომავლის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოსთვის.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას – საქართველოსთვის ტრადიციულ მიმართულებას: ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ოჯახისთვის საჭირო მოსავლის მოყვანა და თვითდასაქმების, თავის გატანის საშუალება. მიზანი უნდა იყოს მეტი პროდუქტის შექმნა სარეალიზაციოდ. სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შექმნაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებს ლელა მაისურაძე, ევროკავშირის პროექტის პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი.

ცალკე თემაა პროფესიული განათლების ბრენდირება და პოპულარიზაცია. პროფესიული განათლება თავისი სამომავლო სიკეთეების წარმოჩენით უნდა გახდეს მიმზიდველი ადამიანებისთვის. ამისთვის კი აუცილებელია საინფორმაციო საშუალებები და მათთან აქტიური კომუნიკაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი