ახალი ამბები

საქართველო ნატო-ს წევრობის პირველი კლასის კანდიდატია – აპატურაი

12 დეკემბერი, 2018 • 1421
საქართველო ნატო-ს წევრობის პირველი კლასის კანდიდატია – აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოკავშირის აზრით, დროა, საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს, ალიანსში ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის.

“ჩვენ არ ვაკონტროლებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაბროკოლებები მოვხსნათ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერის გზას, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ვცდილობთ,  ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო მოვამზადოთ ნატო-ს წევრობისთვის როგორც მისი თავდაცვისუნარანობის კუთხით, ისე პოლიტიკური გარემოს თვალსაზრისით. თუმცა სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოზეა დამოკიდებული. საქართველო ნამდვილად არის პირველი კლასის კანდიდატი და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო მოვა, ბარიერები აღარ უნდა იყოს”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ დღეს, 12 დეკემბერს, თბილისში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აპატურაი ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა პრიორიტეტული არაა ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, თუმცა პრიორიტეტია საქართველოსთვის.

“მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, გამეორებულია ნატო-ს ყველა კომუნიკეში მის მერეც. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ინფორმირებულია ამ ორ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ”, – აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს, რომ ყველა დიპლომატიურ გზას იყენებს კონფლიქტების გადასაწყვეტად. აპატურაიმ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ შედეგის ნაკლებობა, შესაძლოა, იმედგაცრუების საფუძველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი