ქალების ხმა ლიტერატურაში – “ჩვენ თითქოს ერთმანეთი გავამხნევეთ წერით“

არის თუ არა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა „მწერალი“ ძირითადად მამრობით სქესთან დაკავშირებული? თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ გვიწევს განვმარტოთ, რომ ამა თუ იმ ტექსტის ავტორი მწერალი ქალია, მაშინ როცა არასდროს ვამბობთ „მწერალ კაცს“?

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ქალების მიერ დაწერილი ტექსტების რაოდენობა. თუ „საბას“ დაარსების პირველ წელს შორთლისტებში მოხვედრილი 36 ავტორიდან მხოლოდ 7 ქალი იყო, 2018 წელს 29 ნომინანტიდან თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ. ქალები ყვებიან ამბებს დაუფარავად და ეს ხმა, ენობრივი თავისებურებები, თხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი ნელ-ნელა ავსებს სიცარიელეს, რომელიც გასულმა საუკუნეებმა დატოვა. ქალთა უუფლებობის პერიოდმა მსოფლიოში დაფარა არაერთი ხმა, რომელსაც ბევრი სათქმელი, მოსაყოლი ჰქონდა, მაგრამ მასკულინური საზოგადოებისგან ქალებისთვის მკაცრად იყო შემოსაზღვრული ხედვის არეალი, რომელშიც მხოლოდ ქმარი, ოჯახი და შვილები უნდა მოქცეულიყო.

მწერლები: რუსუდან რუხაძე, კატო ჯავახიშვილი და ნესტან ნენე კვინიკაძე ყვებიან, როგორ დაიწყეს წერა, რას ცვლის, მათი აზრით, ქალების ხმა ლიტერატურაში და რა მიზეზები ამყარებდა ქალების მრავალსაუკუნოვან დუმილს აქამდე.

 

  • რუსუდან რუხაძე: 

რუსუდან რუხაძე, მწერალი

სულ რაღაც 10-15 წლის წინ საქართველოში ნაკლები ქალი წერდა, განსაკუთრებით, პროზას. ახლა ყოველწლიურად შეიძლება საინტერესო დებიუტანტის აღმოჩენა. ჩვენ თითქოს ერთმანეთი გავამხნევეთ წერით, იმ ამბების თხრობით, რომელიც ვერც ერთ წიგნში ვერ ამოვიკითხეთ.

ხშირად რთულია იმის გარჩევა, მწერალ ქალებს პერსონაჟობა უფრო სურთ, ავტორობა თუ სხვების ამბების მოყოლა, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, განაპირობა ორმხრივი დანაკლისის განცდამ, რომელიც მასკულინურმა ლიტერატურამ ვერ ამოავსო. ფემინურ პროზაში ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია – რაზე წერენ და როგორ წერენ.

თემები, რომლებიც ქალი ავტორების ტექსტებში იკვეთება, ხშირად მოულოდნელიც კია. სათქმელთან ერთად- განსხვავებულია ენაც და სტილიც. ეს ლიტერატურული მრავალხმიანობა, ვფიქრობ, ძალიან გაამხნევებს ქალებს ყველა სფეროში.

სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საუბარი გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა თანამონაწილეობაზე პოლიტიკაში, მათ სექსუალობასა და იდენტობაზე, ან თუნდაც მათ კვოტაზე სიცოცხლის მოპოვებისთვის (რადგან სელექციური აბორტის შედეგად ძალიან ბევრი გოგოა გამქრალი დაბადებამდე) ბევრად უშედეგო იქნება. ჩემი პირველი კრებული, „ჩაისთან მოსაყოლი ამბები“, სწორედ გამქრალ გოგოებს მივუძღვენი. თუმცა მოთხრობა მათზე – „რძისფერი ჰოია“ მეორე კრებულში შევიდა.

ახლა, რამდენადაც ვიცი, სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობა ბუნებრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა, მაგრამ მტკივნეული ამბები კი არ უნდა დავივიწყოთ და გავაქროთ, არამედ უნდა შევინახოთ. ლიტერატურა იმახსოვრებს ყველაფერს არა სტატისტიკის, არამედ განცდის დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მსმენია ამა თუ იმ ტექსტზე – ეტყობა, რომ ქალის დაწერილია. დიახ, უნდა ეტყობოდეს კიდეც და საბოდიშო არაფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები არ წერენ მხოლოდ გენდერულ საკითხებზე, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მკაფიო ხაზია მათ შემოქმედებაში. ისინი წერენ ყველაფერზე, ცხოვრების ყველა შრეზე და, რაც მთავარია, საკუთარი ხმა აღარ ეუცხოებათ.

 

  • ნესტან ნენე კვინიკაძე: 

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი

ცვლილებები გარდაუვალია. რაც დღეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ის ეტაპები სხვა ქვეყნებმა ნახევარი საუკუნის და კიდევ უფრო დიდი ხნის წინაც გაიარეს. ცოტა ხნის წინ, ნობელის კვირეული როცა ახლოვდებოდა, ვკითხულობდი, რომ ნობელის პირველ ბანკეტზე 112 ადამიანი იყო,  ყველა მამაკაცი. ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს განსხვავებულია სურათი.

ერთ ხმაში, ერთ ინტონაციაში თხრობა მომაბეზრებელია. ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ლიტერატურა ქალების ხმის გარეშე. ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც, ისტორიულად ჩვენში დალექილია თავისუფლების, თხრობისკენ სწრაფვა და ეს ადრე თუ გვიან მაინც იჩენდა თავს. თუმცა ქალების გააქტიურების შემდეგ რადიკალური პასუხები მივიღეთ ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდის მოჭარბებული ფაქტების სახით. მამაკაცი, რომელიც ქალს ფიზიკურად უსწორდება, ჩიხშია მოქცეული.

პირადად მე ყოველთვის, ყველგან, უფრო ადრე მომიწია მისვლა, ვიდრე საერთოდ ხდება ხოლმე. 16 წლისა აკრძალულ ფილმებს ვუყურებდი, 18 წლისამ გამოვაცხადე, რომ მწერალი ვარ, ეს იყო 1998 წელი. ასევე იყო ზაირა არსენიშვილი, ქეთი ნიჟარაძე… მიუხედავად იმისა, რომ მკითხველის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ლიტერატურული გაზეთი ან ჟურნალი კალთებს მახევდა.

დღეს „საბას“ შორტლისტებში ბევრი ქალი ავტორი ხვდება, ხშირად მამაკაცებსაც უსწრებენ. ყველამ ერთმანეთი გავაძლიერეთ. ჩემი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, მახსოვს, ერთი ამბობდა, ისეთი კარგი წიგნია, ვერ იფიქრებ, რომ ქალის დაწერილიაო. ჩვენ ამ აზროვნებიდან მოვდივართ. შესაბამისად, არ მიკვირს სიტყვათშეთანხმება „ქალი მწერლების“ არსებობა და მეც კი ვიყენებ ხოლმე.

როცა იზრდები გარემოში, სადაც ქალს და კაცს საკუთარი ადგილები აქვს მიჩენილი, იქ ბარბარე ჯორჯაძის და ნაზი შამანაურის ცალკეული მაგალითები ფონის შემქმნელად ვერ გამოდგება. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, ერთი სიტყვაც კი, ჩვენგან წარმოთქმული, გადაწყვეტილების მიღებისას სხვისთვის როგორ ბიძგად შეიძლება იქცეს. გონიათ, რომ გადამლაშდა ქალების თემებზე ლაპარაკი, მაგრამ არა. იყო დადგენილი წესები, შეთანხმებული მორჩილება და არ ჩნდებოდა პროტესტის სურვილი.

თუ ოდნავ ძლიერი ხარ, კიდევ უნდა გაძლიერდე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სუსტია, რადგან სისუსტე არ არის დანაშაული, ამ სისუსტეს აქვს განვითარების პოტენციალი, უბრალოდ, საჭიროა სოლიდარობის განცდა. საქართველოში ქალი ავტორები კარგ ფორმაში არიან, თუმცა ეს არის დიდი შრომის, დროისა და ენერგიის ხარჯვის შედეგი.

დამიგროვდა სათქმელი და პირველი წიგნი ძალიან პატარამ გამოვეცი, არ ვაღიარებ მოთხრობებად პირველი წიგნის ტექსტებს, მაგრამ მაშინ ისე მომეწონა ეს ლიტერატურული იმიჯი! ახლა რომ ვფიქრობ, სჯობს დამეშვა შეცდომები და ახლა მეღიარებინა, ვიდრე წერა ვერ გამებედა.

თუ საკუთარ თავს შენობით არ ელაპარაკები, არაფერი გამოდის. ვერც სხვის საყრდენად იქცევი. შინაგანი თავისუფლებაც მხოლოდ მაშინ გეძლევა, როცა საკუთარ თავს იცნობ. თუ გაქვს საკუთარი თავის მოსმენის უნარი, შეგიძლია მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება, მხოლოდ მერე შეგიძლია სხვებს გაუგო, დაეხმარო.

 

  • კატო ჯავახიშვილი: 

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ძალადობა, სადაც ბევრგან შვილად ითვლება მხოლოდ ბიჭი, სადაც ბევრ სოფელში ქალები განათლებას ვერ იღებენ. ქალის როლმა წინ წამოიწია არა მხოლოდ მწერლობაში, არამედ ბევრ სხვა სფეროში. ეს მაგალითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ქალი უნდა იყოს მხოლოდ სამზარეულოში, რომ მისი მთავარი ფუნქცია შვილის გაჩენა, ერის გამრავლებაა.

ბევრი ქალი ავტორი ყვება ამბებს, უზიარებს მკითხველს გამოცდილებას და ეს დიდი სტიმულია, მაგალითი იმისთვის, რომ, ზოგადად, ადამიანებმა, გოგოებმა გააცნობიერონ, რომ რაღაც თემებზე ლაპარაკი არ არის სირცხვილი, ადამიანები უნდა ყვებოდნენ ამბებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრს ვსაუბრობთ ქალების თავისუფლებაზე. შინაგანი მდგომარეობაა თავისუფლება. არ შეიძლება გაგათავისუფლოს ნივთებმა, მხოლოდ შინაგანად შეგიძლია დადგე ყველაფერზე მაღლა. ზუსტად ეს მდგომარეობა გაიძულებს იყო შემდგარი, აკეთო შენი საქმე, არ იყო არავისზე დამოკიდებული. ჟურნალ „დილაში“ ვბეჭდავდი თავიდან ლექსებს. ეს არ იყო პოეზია. პოეზია მოვიდა ბევრად გვიან, როცა ცხოვრების პირისპირ 6 თვის შვილით დავრჩი მარტო. მაშინ მივხვდი, რომ სისუსტე დიდი ფუფუნება იყო. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, სხვა გზა, უბრალოდ, არ მქონდა. ამ დროს დავიწყე ნამდვილი, არა სხვისი, არამედ ჩემი ამბების თხრობა.

ტკივილზე, პრობლემებზე სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ. ვიღაც ეცემა, ვიღაც დგება. თუ გაქვს პასუხისმგებლობა გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ, რომელიც შენზეა დამოკიდებული, ამ დროს პრობლემა შეიძლება იქცეს სიკეთედ, უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს გარდა ძლიერებისა, ფუფუნებაა გადაიფარო საბანი და იტირო. ეს მარტივი გზაა. ბევრი უნარი აქამდე არ მქონდა და მხოლოდ სირთულეების გადალახვის მერე გამომიმუშავდა.

არიან ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ძლიერებად იბადებიან. არიან სხვები, რომლებსაც ეს მერე ეძლევათ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არ მოვკვდი და გავძლიერდი. ყველა პრობლემა მიდის განათლების ნაკლებობამდე. განათლებული უშიშარია, შეუძლია რაღაცების ხმამაღლა თქმა. არსებობს წერილები, რომლებშიც ჩვენი ევროპელი მეგობრები აღფრთოვანებით წერენ 1918-21 წლების საქართველოზე, როცა ყველა თავისუფლების, თანასწორობის იდეით იყო გატაცებული, ყველას ჰქონდა რაღაც სათქმელი.

რატომ არ იყო აქამდე ლიტერატურაში ქალების ხმა ძლიერი? ალბათ, შიშის გამო. შიშის შკალა კი ნელ-ნელა იკლებს. სამწუხაროდ, სამყაროში ყველაფერი შიშზეა დაფუძნებული. სიყვარულიც, სიკვდილიც, ომიც, ალბათ ტერიტორიების დაკარგვის შიშიც და ყველაფერი, რაც არსებობს. ამბების მოყოლაც ერთ-ერთი შიში იყო, ალბათ, თქმის შიში. შიში იმის, რომ „არაფერი შემიძლია“, „არ გამომივა“, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი გამოდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან