ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რისთვის იზრდება სომხეთში საჯარო მოხელეების ხელფასი

18 ივნისი, 2014 • • 1074
რისთვის იზრდება სომხეთში საჯარო მოხელეების ხელფასი

ხელისუფლება ოფიციალურად უარს ამბობს დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულო კომპონენტზე და აპირებს ხელფასიდან 5%-იანი მიზნობრივი სოციალური შენატანების შემოღებას. იმისთვის, რომ მოქალაქეების რეალური შემოსავლები არ შემცირდეს, ხელისუფლების ინიციატივით სავალდებულო დაგროვებითი სისტემა ჯერ მხოლოდ სახელმწიფო სექტორში ამოქმედდება, სადაც 1 ივლისიდან ხელფასები გაიზრდება, კერძო სექტორზე კი ეს კომპონენტი 2017 წლის 1 ივლისიდან გავრცელდება.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო მოხელეების ხელფასები იზრდება სწორედ იმისთვის, რომ დაგეგმილი 5%-იანი მიზნობრივი სოციალური შენატანები შეგროვდეს. გარდა ამისა, კანონში ცვლილებების შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, ვინც მინიმალურ ხელფასს იღებს (1 ივლისიდან ეს ციფრი დაახლოებით 90 ევროს შეადგენს), სოციალურ გადასახადს დამსაქმებელი გადაიხდის.

 

კანონპროექტის შესაბამისად, ამჟამინდელი დაგროვებითი საპენსიო გადასახადი გარდაიქმნება მიზნობრივ სოციალურ შენატანად. განსხვავება იმაშია, რომ თუკი დაგროვებითი პენსიის გადასახადი სახაზინო ანგარიშზე მიდის, იქიდან კი პირის ანგარიშზე, რომელსაც კერძო საპენსიო ფონდი მართავს, მიზნობრივი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში მოიყრის თავს. ეს ფორმა სავალდებულო დაგროვებით სისტემასთან შედარებით უფრო ჰუმანურია, მაგრამ ზოგადად ახალი გადასახადებზე სრულად უარის თქმა საპენსიო რეფორმის ფარგლებში შეუძლებელი იქნება.

 

სამოქალაქო ინიციატივის – “მე წინააღმდეგი ვარ!” წარმომადგენლები ხელისუფლების ახალ მიდგომებში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არც ერთ პუნქტში არ ეთანხმებიან.

 

“მთავრობის ახალი წინადადებები გულისხმობს არა პრაქტიკულ ნაბიჯებს აღნიშნული კანონის ცვლილების შესახებ, არამედ იმავე სქემის დანერგვის მცდელობებს, უბრალოდ, შეცვლილი სახელწოდებით,”- აცხადებენ ისინი.

 

სამოქალაქო ინიციატივა მზადაა იბრძოლოს ბოლომდე, რაც, მათი განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ სისტემა მთლიანად ნებაყოფლობითობის პრინციპს ემყარებოდეს. აქტივისტები ხელისუფლებას ახალ მასობრივ საპროტესტო აქციებს პირდებიან და დარწმუნებული არიან, რომ მათ რიგებს ათასობით ახალი, ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანი შეუერთდება.

 

თავად პარლამენტში კი, იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობაში მყოფი “რესპუბლიკური პარტიის” ბევრი წარმომადგენელი არ მივიდა, ახალი ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებენ. ოპოზიცია, რომელიც ინიციატივას – “მე წინააღმდეგი ვარ!” – უჭერს მხარს, ახალ საპენსიო სისტემას ბოიკოტს უცხადებს და მოითხოვს დამატებით დროს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესასწავლად. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი სესიის შემდეგ პარლამენტში საზაფხულო არდადეგები იწყება, აღნიშნულ კანონპროექტს სომეხი კანონმდებლები, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაუბრუნდებიან.


პარლამენტი; სომხეთი. ფოტო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
პარლამენტი; სომხეთი. ფოტო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი