ბიძინა ივანიშვილის ქონება 175 მლნ აშშ დოლარით შემცირდა – Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 175 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამ დანაკარგის შემდეგ  Billionaires Index ივანიშვილის ქონებას 5.62 მილიარდ დოლარად აფასებს. 3%-იანი დანაკარგის მიუხედავად, Bloomberg-ის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ივანიშვილი 267-ე ადგილს იკავებს.

Bloomberg წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ქონება რუსეთში  1990-იან წლებში დააგროვა. 2003 წელს ივანიშვილმა რუსეთში თავისი აქტივები გაყიდა. ამ პერიოდში ორლოვის მეტალურგიული ქარხნიდან წილი გამოიტანა და 39.4 მლნ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შემდეგ ივანიშვილმა 510 მლნ აშშ დოლარად  რუს მილიარდერ ვლადიმერ ლისინს რკინის მწარმოებელი კომპანია მიჰყიდა.

Bloomberg წერს, რომ რუსეთში დარჩენილი აქტივები “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მოგვიანებით, 2012 წელს დაახლოებოთ 1.5 მილიარდ დოლარად გაყიდა. 2012 წელს საქართველოში საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, გახდა პრემიერი და ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

Bloomberg ყოველდღიურად აახლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის განახლება  ბაზრებიდან, ვაჭრობისა და აქციების ფასების ანალიზის მეშვეობით ხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.