აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აქცია დედაქალაქშიც და სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. მისი შეფასებით, არჩევნების ნაცვლად, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი იყო ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება:

“ეს დადასტურებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და დამკვირვებლის მიერ. ჩვენ მათ შევთავაზეთ კომპრომისზე დაფუძნებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ე.წ. ხელისუფლებამ უტიფრად და ქედმაღლურად სრული იგნორირება გაუწია ამ შეთავაზებას. ეს ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს შეთავაზება მოდიოდა არამარტო გაერთიანებული ოპოზიციისგან, არამედ ჩვენი ამომრჩევლისგან, რომელიც 800 ათასზე მეტია. არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ადამიანი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და მაპატიეთ, მაგრამ დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს.

რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციების/დამკვირვებლების აზრი და მინდა გითხრათ, რომ 2 დღეში ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელიც ამ არჩევნების დროს ხდებოდა; რადგან მათ ყურთ არ იღეს ჩვენი შეთავაზებები, 16 დეკემბერს თელავში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია.”

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ უნდა დაიწყოს ვაი-ვიში და პანიკა ინაუგურაციის ადგილის ცვლილებაზე, რადგან არავინ არავის ერჩის: “ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა. თბილისშიც გვექნება აქცია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ მთავარი და ყველაზე მასშტაბური იქნება თელავში.”

  • არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. რაც შეეხება უცხოურ დელეგაციებს, ზურაბიშვილის თქმით, მოსაწვევი გაეგზავნება ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.