ახალი ამბები

ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება – აბაშიშვილი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

12 დეკემბერი, 2018 • 1810
ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება – აბაშიშვილი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ცალსახად დისკრიმინაციულად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებაში “ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი”, ის საქართველოს პარლამენტზე და მთავრობის ადმინისტრაციაზეც თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

“ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე – მერამდენე, უკვე სათვალავი ამერია. მე მინდა მათ ვურჩიო, ამდენ უბადრუკ მცდელობას [ურჩევნიათ], ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და დაისვენებენ. გარდა იურიდიული აბსურდულობისა ამ ცვლილების, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში. მაგრამ მესმის, მათ ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ. ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს ამ გადაწყვეტილებაში სწორი, მაშინ თანაბრად უნდა ვერცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე. მინდა, ამ აბსურდის ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა, ვიდრე ამ აბსურდს ქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან 10-წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

2018 წლის 6 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა – გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა – დაარეგისტრირეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი